კვიტაიშვილის იმპიჩმენტი

GNCC-ის თავმჯდომარემ იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარემ კარლო კვიტაიშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. GNCC-ის პრესსამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმით, კვიტაიშვილი არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მის იმპიჩმენტთან დაკაშირებით და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედებს. ყურაშვილის თქმით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, კვიტაიშვილს პარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. კარლო კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის გზით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონო იყო. მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი გოჩა სვანიძე დაიცავს.

"ბატონი კარლო კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და მისი იმპიჩმენტი არ უნდა მომხდარიყო. ის იყო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და არ ყოფილა ამ პარტიის წევრი, კანონში კი, წარმომადგენლობაზე არაფერი წერია", – ამბობს ყურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კვიტაიშვილის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს უფლება აქვს პარლამენტის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივროს.

კომენტარები