სააკაშვილი-რომპუის შეხვედრა

სააკაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ საქართველო მომავალში უფრო მოკრძალებულ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, ეს პროგრესი მაინც იქნება.

„საქართველო უფრო მოკრძალებულ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ ეს მაინც იქნება პროგრესი და ჩვენ ამის ალტერნატივა არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება მტკიცე პრინციპებზე და ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად, ჩვენი ყოფილი პრემიერმინისტრი ისევ პატიმრობაში, სრულ იზოლაციაში იმყოფება. თქვენ ხედავთ, რომ პრობლემაა უკრაინაშიც, სადაც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ასევე პატიმრობაშია. როდესაც ჩვენც გადავალთ უკრაინის ეტაპზე, შესაძლოა, იმავე პრობლემებს შევეჩეხოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობის დაცვის შედეგად, უკეთესი ინსტიტუციებითა და ევროპასთან ერთად ამას თავიდან ავირიდებთ.

პირადად მე მადლიერი ვარ პრეზიდენტის[ჰერმან ვან რომპუის],  საქართველოში იგი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, მისი ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ჩამოვიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში იგი ჩვენი დიდი მეგობარი და დიდი მრჩეველი იყო. მე აქ მოვედი, რათა მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ არის დიდი ევროპელი და ასევე იმისთვის, ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გვიკეთებია ჩვენი რეგიონის ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირველი დროშა, რომელიც მე აღვმართე, იყო ევროკავშირის დროშა. მაშინ ეს არავინ მიიღო სერიოზულად, ახლა კი ამ საკითხს ყველა დიდი სერიოზულობით ეკიდება. ჩვენ უკვე ბევრად ახლოს ვართ ბრიუსელთან, ვიდრე ადრე. ეს ჩემთვის კარგი მომენტია შეჯამებისთვის და ასევე პარალელური ვიზიტი. მოხარული ვარ, ასეთი მეგობრული და სასიამოვნო საუბრისთვის“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

 

კომენტარები