NATO-ს წვრთნები

რასმუსენი: წვრთნების მიზანი NATO-ს რეაგირების ძალების შემოწმებაა

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდა. ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში NATO-ს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც 6 ათასი სამხედრო მონაწილეობს. წვრთნებში ფინეთის, შვედეთის და უკრაინის სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრის დროს, NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთის მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე წვრთნები რუსეთსა და ბელარუსს შორის სექტემბერში ჩატარებულ სამხედრო წვრთნას არ უკავშირდება.

"ჩვენ წვრთნები დიდი ხნის წინ დავგეგმეთ. მისი მიზანი NATO-ს რეაგირების ძალების შემოწმება და შეიარაღებული ძალების კოორდინირებულად მუშაობის უნარის განვითარებაა. რა თქმა უნდა, ის ასევე აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მოკავშირეები დავიცვათ", - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი კი, წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთების გამო გაოცებას გამოთქვამს. მისი თქმით, NATO-ს წვრთნები თავდაცვითი და გაცილებით მცირე მასშტაბებისაა, ვიდრე რუსეთ-ბელარუსის მიერ სექტემბერში მათ სამეზობლოში გამართული სამხედრო წვრთნა.

ცნობისთვის, რუსეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებზე შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ წვრთნები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. 

კომენტარები