აშშ-ის სატელეფონო მოსმენები

მოსმენისგან თავდაცვის აპლიკაციები სმარტფონებისთვის

Seecrypt

Wall Street Journal აშშ-ის დაზვერვის სატელეფონო მოსმენების სკანდალს გამოეხმაურა და მოსმენებისგან დაცული კომუნიკაციების საშუალებებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ყურადღება ერთ-ერთ ასეთ აპლიკაციაზე - Seecrypt-ზე გაამახვილა.

Seecrypt Group Inc. სამხრეთ აფრიკული კომპანიაა, რომელიც უშვებს აპლიკაციას სახელწოდებით Seecrypt. პროგრამა Skype-ის პრინციპით მუშაობს, მომხმარებელს აძლევს საკუთარ VoIP ნომერს +281 პრეფიქსით, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია ამ სერვისის სხვა მომხმარებელთან SMS-ების გაგზავნა და სატელეფონო ზარების განხორციელება.

უსაფრთხო ეს მეთოდი იმითაა, რომ ეს გაგზავნილი მონაცემები და ზარები იშიფრება გამგზავნის მოწყობილობაზე და ამოშიფრვა ხდება მიმღების მოწყობილობაზე, ქსელში ეს მონაცემი ორმაგი შიფრაციით მოძრაობს, რაც მონაცემთა უსაფრთხოებაში სამხედრო დონის დაცვად ითვლება.

Seecrypt Group Inc.-ის დირექტორის მაიკლ ბოლტერის განცხადებით, სატელეფონო მოსმენების სკანდალამდე მათ პროდუქციას აშშ-ში ცოტა მომხმარებელი ჰყავდა, რადგან ხალხი საკუთარი პირადი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის უსაფრთხოებაზე არ ღელავდა. ედვარდ სნოუდენის სკანდალის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა და დღეს აშშ-ის ბაზარზე კომპანიას 1000%-იანი ზრდა აქვს.

ბოლტერის განცხადებით, Seecrypt-ის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან - კერძო კომპანიები თავდაცვის სფეროში, სახელმწიფო სტრუქტურები და ერთი ევროპული სამეფო ოჯახიც კი.

აპლიკაცია Seecrypt ამჟამად ხელმისაწვდომია Apple iOS და Android პლატფორმებზე, მაგრამ კომპანია უკვე მუშაობს Windows Phone-ისა და Blackberry ვერსიებზეც.

კანადური კომპანია Silent Circle მომხმარებელს ანალოგიურ სერვისს სთავაზობს. მისი დამფუძნებლები Sillicon Valley-ს ვეტერანი ექსპერტები არიან, რომელთა შორისაა ყველაზე გავრცელებული ელფოსტის შიფრაციის სისტემის - PGP-ის შემქმნელი ფილ ციმერმანიც. 

ამავე სფეროში არსებობდა ტეხასური კომპანია Lavabit - დაშიფრული ელექტრონული ფოსტის სერვისის მომწოდებელი, მაგრამ 2013-ის აგვისტოში სნოუდენის საქმის გამო დამფუძნებელმა დახურა ეს კომპანია. მაშინ იგი FBI-ის გამოძიებაში იმყოფებოდა და Lavabit-მა არჩია დახურულიყო, ვიდრე სრული წვდომა მიეცა FBI-ისთვის სნოუდენის მონაცემებზე.

კომენტარები