ჟენევის მოლაპარაკებები

კარასინი: საქართველოს ხელისუფლების მიერ ტონის შერბილებამ იმედიანად განმაწყო

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევაში წასვლისას, ამჯერად ძალიან იმედიანად იყო განწყობილი, რაც საქართველოს ხელისუფლების ტონის შერბილებამ განაპირობა. ამის შესახებ კარასინმა ჟენევის მორიგი რაუნდის დაწყებამდე თქვა. 

"საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირველი განცხადება მოწმობს, რომ ღია კონფრონტაციის პერიოდი უკან დარჩა და დადგა მსჯელობისა და იმაზე ფიქრის დრო, როგორ უნდა ავაგოთ ურთიერთობები მომავალში. რა სახის ურთიერთობების აწყობას აპირებს თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან, რა როლი აკისრიათ ჟენევის დისკუსიებს ამ მხრივ. საერთო ჯამში, კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ სიტუაციას ახლებურად შევხედოთ. თუმცა, ილუზიები არავის აქვს, თქვენთვის ცნობილია ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ არ ვიყავით კონფლიქტის მხარე. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური და იურიდიული უფლება, გავაკეთოთ გარკვეული სახის განცხადებები. მაგრამ ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ ჟენევის დისკუსიის უშუალო მონაწილეებს, რომ შეადგინონ ერთობილივი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - განაცხადა კარასინმა.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები გეგმავენ, ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარესთან ერთად ხელი მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ეს ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დაადასტურეს. კარასინის თქმით, რუსული მხარე ამას მოლაპარაკებების პირველი რაუნდიდან ცდილობს. მისი განცხადებით, რუსეთი არ გააფორმებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ქართულ მხარესთან და შესთავაზებს, რომ აღნიშნული შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაიდოს. 

ქართული მხარე კი, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას ელოდება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერას არც განიხილავს. 

კომენტარები