საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დიანა იანსემ მოაწერეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებებზე და მოხარული ვარ, რომ შვედეთის სამეფოსთან გაფორმდა ანალოგიური დოკუმენტი. ეს საშუალებას მისცემს შვედ ბიზნესმენებს დაინტერსედნენ საქართველოში ინვესტირებით. ასევე, ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება ქართველებისთვის. ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმაგი დაბეგვრა თავიდან აიცილონ და უფრო კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ", - თქვა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა. აღსანიშნავია, რომ 2008-12 წლებში საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 94 594 250 აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, შვედეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 92 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციით იქმნება აუცილებელი პირობები, რათა საქართველოში ხელი შეეწყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია ძალაშია 45 ქვეყანასთან.





