პრეზიდენტის შეწყალება

ომბუდსმენი და არასამთავრობოები: გადაიხედოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლება

ombudsman.ge

სახალხო დამცველი და არასამთავრო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტის მიერ ყველა კატეგორიის მსჯავრდებულის შეწყალების უფლების გადახედვას მოითხოვენ. ისინი 2005 წელს კანონში განხორციელებულ ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს უფლებამოსილება ენიჭება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნებისმიერ დანაშაულში მსჯავრდებული პიროვნება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ნებისმიერი შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ის გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.

“როდესაც პატიმარი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, სხვა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ პატიმრის შეწყალების საკითხი იმ პატიმრისგან განსხვავებით, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ითხოვს პატიებას”, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტმა საკუთარ თავს განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა.

“პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანით თქვა – მე შემიძლია, ყველას შეწყალება ყოველგვარი კრიტერიუმის მიუხედავად და შემიძლია გამოვუშვა ყველა, როდესაც მომინდება. ასეთი ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს დღეს პრეზიდენტი. ამას, ბუნებრივია, სჭირდება რეგულაცია. არ შეიძლება, ასეთი ფართო საკითხი საკანონმდებლო და იურიდიული ჩარჩოების მიღმა არსებობდეს”, - განაცხადა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას შეწყალებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმაც. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულთა ერთპიროვნულად შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა გარკვული რეგულაციის შემოღება, რითიც პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლებები შეიკვეცება. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდეს.

“როგორც ჩანს, უფრო მკაფიო ფორმულირება შეიძლება გახდეს საჭირო, რათა გარკვეული საზღვრები დავადგინოთ”, - აღნიშნავს ბესელია. 

უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით უფლებები ისედაც ეზღუდება და დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ არის. 

"პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, პრეზიდენტი გადაიქცეს ისეთ თოჯინად, რომელსაც ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება”, - განაცხადა წიკლაურმა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების შეზღუდვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიხეილ სააკაშვილმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალა. ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები