ახალი პრემიერმინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი გახდება. ამის შესახებ დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოქმედმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის ვინაობა, რადგან ჯერჯერობით ღარიბაშვილს საკუთარი შემცვლელი არ შეურჩევია.

"იყო აბსოლუტური ერთსულოვნება და ოვაციები, როცა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შევხდი დღეს და წარვუდგინე ირაკლის კანდიდატურა. ასეთივე ოვაციები იყო უმრავლესობის მხრიდანაც, თქვენ წარმოიდგინეთ. ეს არ იყო კომუნისტური ტიპის უმრავლესობა და კომუნისტური ტიპის ოვაციები. აი, დემოკრატიულ სახელწმიფოში მოხდა ასეთი კანდიდატურის წამოყენება და გუნდის არცერთ წევრს გარდა სასიამოვნო ოვაციებისა, არაფერი გამოუხატავს და ყველას სახეზე აბსოლუტური სიხარული იყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეც ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა ღარიბაშვილის მთავარ ღირსებად პოლიციის გარდაქმნა დაასახელა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა აჩვენა ყველას, რომ ის იმსახურებს და არ არის შემთხვევითი პრემიერმინისტრის პოსტის მისთვის გადაცემა და დარწმუნებული ვარ პირადად, ჩვენი გუნდის წევრებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ის იქნება ღირსეული პრემიერმინისტრი. პირადი ხასიათებიც თუ გინდათ, ის არის ტიპიური კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი, ძალიან ნაღდი და წესიერი კაცია. თქვენ იცით, რომ 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი იქნება პრემიერმინისტრი, მას ექნება ყველაზე დიდი ძალაუფლება. მას ყავს ძალიან კარგი მეუღლე, ჰყავს კარგი ოჯახი და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ არაჩვეულებრივ ფაქტს, რითაც მე ვამაყობ: სკოლის მერხიდან უყვართ მათ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია, ასეთი პირველი ლედი გეყოლებათ, ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული" ,- ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავლი პრემიერმინისტრი და მისი ოჯახი.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ მიდის. როგორც თავად აცხადებს, ის სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა, კონკრეტულად რა ფორმით, ამ დროისთვის უცნობია.

ბიოგრაფია

ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა; 2002-2004 წლებში - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები; 1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები;

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2012 წლის თებერვლიდან-ოქტომბრამდე - პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს ქართული ოცნების დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2006 წელს - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წლებში - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე;

2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს ბურჯის(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005 წწ. - შპს ბურჯის(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 2001-2002 წლებში – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები