საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მიმდინარე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება - ”ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ხოლო მოსახლეობას არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების საშუალება”.
ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა - ”ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ვითარების გამოსასწორებლად. ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა რუსეთის მიმართ, დავნიშნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, მივიღეთ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება და გამოვხატეთ ოლიმპიადასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის მზადყოფნა. საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯებისა და სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიმართულებით არსებული გარკვეული დინამიკის მიუხედავად, შემაშფოთებელია რუსეთის ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების აგების პროცესი”, - განმარტა ივანიშვილმა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ”ვითარების სირთულის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მიმართულებით და, გარდა ამისა, დგამს პრაგმატულ ნაბიჯებს არსებული პრობლემის გადასაჭრელად”.
ივანიშვილმა ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა.
”ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული მმართველობა; სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო ხელისუფლებასა და პენიტენციარულ სისტემაში მივაღწიეთ გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას; მედია და ბიზნესი გავათავისუფლეთ სახელისუფლებო წნეხისაგან; აღვადგინეთ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი.
ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დავიწყეთ ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით: სახელმწიფო ბიუჯეტი გავხადეთ სოციალურად ორიენტირებული; გავაორმაგეთ შემწეობები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის; სამედიცინო მომსახურება უკვე გარანტირებულია ყველა მოქალაქისთვის; გავზარდეთ მასწავლებელთა ხელფასები; ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. შევქმენით სპეციალური საინვესტიციო ფონდები, რომელთა მიზანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობა. ყველა ამ ნაბიჯს საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და, შესაბამისად, ამან განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვება”, - თქვა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის უალტერნატივოა.
”როგორც მოგეხსენებათ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ჩვენი ქვეყნის ეს პრიორიტეტი ემყარება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს და ამ არჩევანს მხარს უჭერს საქართველოს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა.
ამ მიმართულებით, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი თარიღია მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება, რომლის შემადგენელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე. ასევე, ველით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის დასრულების მიმართულებით”, - აღნიშნა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი NATO-ში ინტეგრაციაა. - ”ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და ეს საპატიო მისიაა ჩვენთვის. როგორც უსაფრთხოების კონტრიბუტორი სახელმწიფო, საქართველო ჩართულია ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების მისიაში და აპირებს მონაწილეობას მისიის დასრულებამდე. ასევე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პოსტ-აისაფის მისიაში და ჩვენს წვლილს შევიტანთ იმ საქმეში, რომ შენარჩუნდეს საერთო წარმატება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ”, - თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა.
”ჩვენ ჩავატარეთ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო, ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნამდვილად ევროპული არჩევნები. ეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, რომ ჩვენთვის ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები.
ასეთი არჩევნების ჩატარებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად რეგიონის განვითარებაში, რადგან სწორედ ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საწინდარი. ცივილიზებული სამყაროსთვის სწორედ ასეთი სტაბილური და პროგრესული რეგიონია საინტერესო და მიმზიდველი”, - თქვა ივანიშვილმა.
დასასრულს, ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში მიმდინარე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი ნაყოფიერი იქნება.





