პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა. მან მიმართვაში ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობას ხაზი გაუსვა.
“დღეს, ჩვენს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს - მე განსაკუთრებულად დიდ პატივს ვცემ ებრაელ ხალხს, გამორჩეულად ვაფასებ მათ ნიჭიერებას და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას ამ დიდი ჯილდოს მატარებელ ერს. მინდა დავუდასტურო ებრაელ ხალხს პატივისცემა იმის გამოც, რომ მათ შესანიშნავად იციან, როგორ მისცენ თავის ნიჭს სწორი, ზუსტი მიმართულება. ამ ხალხს აქვს საოცარი უნარი იმისა, რომ იშრომოს თავდაუზოგავად და მიაღწიოს დიდ წარმატებებს.
დღევანდელ ჩემს გამოსვლაში, პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრებას აქ, საქართველოში. ჩვენი ოცდაექვსსაუკუნოვანი ურთიერთობა, ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითოა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის”, - თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, სწორედ ერებს შორის მეგობრობის ნიშნად, გადაწყდა, რომ 2014 წელი გამოცხადდეს ქართველი და ებრაელი ხალხების ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
“ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, ამ ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტული იყო საქართველოსა და ისრაელს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. მიმდინარე წლის ივნისში, ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახლა აქტიურად ვმუშაობთ მათ განსახორციელებლად”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნა გადაწყდა, ”რომლის პირველი სხდომის გამართვა 2014 წლის იანვარში იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ბიზნესისათვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. ამ კომისიის ფორმატი შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად და ეფექტიანად გადაწყდეს ის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას.
ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, რაც გახდება ეკონომიკური აქტივობის, ვაჭრობისა და ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაძლებელია, სწორედ ერთობლივი ეკონომიკური კომისია გახდეს ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დავიწყებთ ლაპარაკს ამ მიმართულებითაც.” - თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც ტურიზმს, ვაჭრობასა და ორმხრივი ინვესტიციების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ”ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებს ემსახურება აგრეთვე სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.” - თქვა ივანიშვილმა.





