ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ერია

www.bpn.ge

ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ერია. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნადად გამართული დაზოგვის კვირეულის პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები უკვე მეორედ აღნიშნავენ.

ქადაგიძის თქმით, ვალების დაგროვება მარტივად იწყება, როცა მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირადღირებულ ტელეფონს, რასაც შემდგომ საკრედიტო ბარათი ემატება. "ამას შემდგომ ემატება ერთ დღეში სესხის დამტკიცების და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების შეთავაზება. შემდეგ მომხმარებელი იღებს მეორე საკრედიტო ბარათს, იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი და, საბოლოო ჯამში, აღმოაჩენს, რომ რამდენიმე საკრედიტო ბარათი და რამდენიმე სესხი აქვს, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის მომხმარებელი ყველა სხვა სესხის გადასაფარად იღებს დიდ სესხს და იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას. ამას მარტივად შეგვიძლია დავარქვათ საკრედიტო მახე, რაც მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, განვითარებული სამყარო ამ პრობლემას განათლების ამაღლებით და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირებულობით ებრძვის. "მხოლოდ ინფორმირებული მომხმარებელი იღებს სწორ გადაწყვეტილებას და არის სასარგებლო როგორც კომერციულიო ბანკის, ისე საკუთარი თავისთვის. ამ მიმარეთულებით კმაყოფილი ვარ იმ თანამშრომლობის დონით, რომელიც გვაქვს კომერციულ ბანკებთან. ერთი მხრივ, კომერციული ბანკის უპირველესი ვალდებულებაა კეთილსინდისიერად მოემსახუროს მომხმარებელს, მაგრამ მომხმარებელიც ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კარგად წაიკითხოს ხელშეკრულება და კარგად დაგეგმოს საკუთარი ფინანსური რესურსი", - აღნიშნა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, "დანაზოგები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და მოსახლეობისთვის - დანაზოგები წარმოადგენს ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომ რესურსს, დანაზოგების გარეშე სტაბილური ეკონომიკური ზრდა არ იქნება. დანაზოგები ბანკებისთვის რეფინანსირების მნიშვნელოვანი წყაროა და ბოლოს, დანაზოგები წარმოქმნიან ინსტრუმენტს, რომელიც ავადმყოფობასთან, უმუშევრობასთან და სხვა ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებული რისკებისაგან გვიცავს. უმჯობესია, ხალხმა სურვილების ასრულებისას ისარგებლოს დანაზოგით, ვიდრე აუცილებლობისთვის გამოტანილი სესხების გამო ზედმეტი ვალების რისკის წინაშე დადგეს. დანაზოგების საშუალებით, დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობებისთვის სოციალური და ეკონომიკური გარემოს დაუზიანებლად ხდება. მსოფლიო დაზოგვის დღის ჩატარება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს".

დაზოგვის კვირეული 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი. მონაწილე ბანკებს წარმოდგენილი ექნებათ საერთო მასალები (ბროშურები, ვიდეოკლიპები და დაზოგვის დღის საერთო სიმბოლო - გროვია), რომლებსაც ისინი არჩევნისამებრ გამოიყენებენ ბავშვებსა და მშობლებზე ორიიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებში. ბროშურების გავრცელების, ასევე ბანკების ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში ვიდეოს განთავსების გარდა, ქართული კომერციული ბანკები ეწვევიან სკოლებს თბილისსა და რეგიონებში, ჩაატარებენ პრეზენტაციებს, გაკვეთილებს ფინანსურ განათლებაზე და ასევე გაავრცელებენ ინფორმაციას დაზოგვის კულტურაზე. ბანკები სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყობენ შეჯიბრებებსა და თამაშებს. გარდა საშუალო სკოლებისა, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან უნივერსიტეტებსა და კლიენტ ორგანიზაციებს და დანაზოგების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. დაზოგვის კვირეულთან დაკავშირებით გაიხსნება ვებგვერდი www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღეზე, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კვირეული აამაღლებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი და მოუწოდებს ხალხს, დაზოგონ ფული ბანკებში.

კომენტარები