მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. საქართველსო პრეზიდენტმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ იგივე კურსი განაგრძოს და პროგრესი არ შეაჩეროს. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, „სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ შემდგომში მოხდება ამ პროგრესის პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაცია".

"ჩვენ მოველით, რომ საქართველო პატივისცემით მოეპყრობა ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა თავისუფალი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შერჩევითი სამართლის ნებისმიერ ფორმას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბაროზოს განცხადებთ, „ევროკავშირმა არაერთხელ მიუთითა (საქართველოს ხელსუფლებას) კანონის პატივისცემაზე ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში. კანონის უზენაესობის დაცვა უმიშვნელოვანესია. ჩვენ საჯარო განცხადებები გავაკეთეთ. როდესაც ივანიშვილს შევხვდი მე მას მკაფიოდ გავაცანი მას ჩემი პოზიცია მერაბიშვილთან დაკავშირებით. ჩვენ - მე, ქალბატონი ეშტონი და კომისარი ფულე - განვაგრძობთ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. ძალიან ახლოდან და ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს“.

„უფრო კონკრეტულად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვესმის, რომ მაღალია პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური საკითხები პოლიტიკური გზებით, არჩევნებით გადაიჭრას - ახლახანს იყო არჩევნები, ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ყავს. პოლიტიკური კონფლიქტი პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს და არა სამართლებრად. პოლიტიკა და სასამართლო ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. თუ სამართლებრივი მოქმედების საფუძველი არსებობს, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ ამ პოლიტიკური მოტივის გარეშე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობას, ბაროზომ  აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, დიდი როლი შეასრულა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაში -  ეკონომიკისა და ვაჭრობის  სფეროში, ასევე პოლიტიკურ სფეროში და დემოკრატის მშენებლობის თვალსაზრისით. ევროკომისიის ხელმძღვანელის აზრით, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებაა.

„დღეს, როცა  საქართველოში გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი და გვეყოლება სხვა პრეზიდენტი, ეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ეს აჩვენებს, რომ  შესაძლებელია საქართველოს ტიპის ახალგაზრდა დემოკრატიაში ხელსუფლების ცვლა. არ ვარ დარწმუნებული, რომ  ბევრ სხვა ასეთ ქვეყნებში, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა, ეს შესაძლებელია“,  -აღნიშნა ბაროზომ.

მისი განცხადებით, „ახალმა ხელისუფლებმა უნდა აჩვენოს ასეთივე ერთგულება პლურალისტური დემოკრატიის მიმართ“.

„კიდევ ერთხელ მინდა მესიჯი გავუგზავნო ქართველებს - იმათ ვინც მთავრობაშია და მათ ვინც ოპოზიციაშია. ეს ეროვნული ამოცანაა: დემოკრატიაში  ნორმალურია, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები. რაც არ არის ნორმალური ისაა, რომ ამ  შეხედულებების გამო პოლიტიკურიი კონკურენტები ერთმანეთის მტრები ხდებიან. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკური გზებით, დემოკრატიული გზებით გადავჭრათ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს სააკაშვილს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის“,  - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

როგორც, თავის მხრივ, ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, "ჩვენ შევეცადეთ ქვეყანა უკეთესობისაკენ შეგვეცვალა, მაგრამ ახლა შემიძლია ღიად და ამაყად ვთქვა, რომ მექანიკურად შევცვალეთ მსოფლიოც რადგან დავამყარეთ თამაშის ახალი წესები კორუფცისთან და კრიმინალთან ბრძოლის, ეკონომიკური წინსვლისა და ერთი რადიკალურაად განსხვავებულ ჯგუფიდან მეორე სრულიად განსხვავებულ ჯგუფზე გადასვლით, ხელისუფლების ცვლის თვალსაზრისით“.

მისი თქმთ, „ჩვენ ვაჩვენეთ მეტნაკლებად ეფექტიანი კოაბიტაციისა და განგრძობითი დემოკრატიის მაგალითი, მინიმუმ ჩვენს რეგიონში მაინც. ბალტიისპირეთის გარდა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ ვართ პირველი ნიმუში იმისა, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ გაქრა და არ დასუსტდა. გასული კვირის არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ ძალიან ძლიერი მეორე ადგილი - მორიგი დიდი პრეცედენტი. ასე რომ, ჩვენ ვქმნით პრეცედენტებს და, შესაძლოა, მომავალში სხვა პრეცედენტიც ვაჩვენოთ".

კომენტარები