მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.
"პოლიციის შესახებ" ახალი კანონი ახლებურად განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს და პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით პოლიცია უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ის ფლობს პოლიციის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას. კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ასეთი გამოკითხვის დროს, მოქალაქის მიერ ინფორმაციის გაცმა ნებაყოფლობითია, რის შესახებაც მას დასაწყისშივე უნდა განემარტოს.
კანონპროექტის მიხედვით, კანონით დადგენილ შემთხვევებში პოლიციას უფლება აქვს პირის იდენტიფიკაციისათვის მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: თითის ანაბეჭდების აღება, ფოტოსურათის გადაღება თუ სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება. აქვე კანონში გათვალისწინებულია, რომ "პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა".
ასევე ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება აქვს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას გააჩეროს პირი და განახორციელოს მისი ზედაპირული შემოწმება, ასევე ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება. აღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს რამდენიმე გარანტია იმოქმედებს. კერძოდ: პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს; ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით.
ზედაპირული შემოწმებისას ჩხრეკის საფუძვლის წარმოშობისას ჩხრეკა უნდა ჩატარდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით. სპეციალური საპოლიციო კონტროლისას (ე.წ. რეიდი) უნდა განხორციელდეს მხოლოდ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება.
"პოლიციის შესახებ" კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში 1 იანვრიდან შედის, რის შემდეგაც მოქმედი კანონი ძალას კარგავს.





