საზოგადოებრივი მაუწყებელი

წითელი ზონის რედაქტორი: ფინანსური პრობლემა გადაცემის დახურვის საბაბი მგონია

თეო ხატიაშვილი
რადიო თავისუფლება

გოგი გვახარიას სავტორო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი თეო ხატიაშვილი ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წითელი ზონის დახურვის მიზეზად ფინანსური კრიზისის დასახელება, უბრალოდ, საბაბი და მანიპულაციაა. მისი თქმით, გადაცემა შესაძლოა მისი შინაარსის გამო დახურეს.

"ფინანსებზე ყოველი სეზონის დასაწყისში იყო ვაჭრობა, სულ ამბობდნენ, რომ ბიუჯეტი შეგვემცირებინა, ბოლოს ვთანხმდებოდით და ეთერში მაინც გადიოდა. ეს ნამდვილად არ არის ძვირადღირებული პროექტი და ხანდახან ზედმეტი ძალისხმევის გაღებაც გვიწევს გადაცემის გასაკეთებლად.

მგონია, რომ ბიუჯეტი ყოველთვის იყო მანიპულაციის თემა და საბაბი, ეს ყველაფერი კი ეხება გადაცემის შინაარსს. ეს გადაცემა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას და მედიასაშუალების ხელმძღვანელობას არ აწყობდა. მით უმეტეს, ჩვენი ერთ-ერთი ბოლო გადაცემა, რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, მე ვიცი, რომ საკმაოდ მტკივნეულად იყო მიღებული და შესაძლოა, ესეც იყო ერთ-ერთი საბაბი ამ გადაცემის დახურვის და ალბათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამ გადაცემამ მათ შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზები მოუმზადოს. გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ პარტნიორებს შორის ამ ფორმით არ ხდება ურთიერთობა", - განუცხადა თეო ხატიაშვილმა ტაბულას. გადაცემის რედაქტორის თქმით, მან წითელი ზონის დახურვის შესახებ ფეისბუქიდან შეიტყო, ხოლო უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

2013 წლის 1 დეკემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა წითელი ზონა დაიხურება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის განცხადებით, არხმა ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო.

"ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ძვირიანი გადაცემა შევინახოთ. რამე უფრო იაფფასიანს მოვამზადებთ, ეთერში მალაკოს ხომ არ გავუშებთ? როცა ჩავდგებით ფორმაში, ამ ხალხს ისევ დავუძახებთ და მოვეფერებით", - განუცხადა ტაბულას თამაზ ტყემალაძემ.

თამაზ ტყემალაძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურევო საბჭომ 2013 წლის 6 სექტემბერს მას შემეგ დაამტკიცა, რაც დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა.

თამაზ ტყემელაძემ დანიშვნიდან მალევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში დახურა დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა, ასევე, ეკა კვესიტაძის პოლიტიკური ტოქშოუ.

წითელი ზონა რადიო თავისუფლებისა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი იყო. ავტორი გადაცემაში არ ერიდებოდა რელიგიური და უმცირესობების, ასევე, საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გაშუქებას და კრიტიკულ მსჯელობას. 

გადაცემის მაყურებლებმა ფეისბუქში უკვე შექმნეს ჯგუფი არ დახუროთ წითელი ზონა. გარდა ამისა, ისინი გადაცემის დახურვას 17:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან გააპროტესტებენ.

კომენტარები