საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტის სასახლიდან ბოლოჯერ მიმართა

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ერს პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელად მიმართა.

"ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და, შესაბამისად, საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ორჯერ მომეცით შესაძლებლობა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის პრეზიდენტის რანგში.
პატივთა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას. შესაძლებლობათა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გქონდეს შესაძლებლობა დაეხმარო სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.

მინდა მადლობა გითხრათ და თქვენთან ერთად გავიხსენო, თუ რას მივაღწიეთ ერთად და რა არის ჯერ კიდევ მისაღწევი; მინდა გავიხსენო გზა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ და გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს; ის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად დავძლიეთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავაც გადასაჭრელი აქვს.

მინდა მოგმართოთ თქვენდამი სრული ნდობით, თავმდაბლად გაგანდოთ ჩემი აზრები და გაგიზიაროთ ღრმა ემოციები, გადაგიშალოთ გული და ჩაგახედოთ ჩემს სულში.
მოდით, ცოტა ხნით ყველა მოვწყდეთ ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობას; მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ჩვენი კამათი, დაპირისპირება, პოლემიკა და ერთად დავფიქრდეთ რა შეცვალა ბოლო ათმა წელიწადმა, რას ნიშნავდა ის ჩვენთვის, რა უძღოდა მათ წინ და რა უნდა მოჰყვეს შემდგომში.

მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ, პარტიული, რელიგიური, ეთნიკური განსხვავებები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე - რას ნიშნავდა ეს ათი წლის წინათ, რას ნიშნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშნავდეს მომავალში... თუმცა საკმარისი არ არის სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იყო ქართველი და რა ვალდებულებას გვაკისრებს სამშობლოს სიყვარული. მას შემდეგ, რაც ზრდასრულ ასაკს მივაღწიე, დავიწყე ქართველობის ჩემეული ცნების ძიება, რას ნიშნავს ეკუთვნოდე ამ ერს; მინდოდა მომეძებნა ეროვნული იდენტურობის ისეთი განმარტება, რომელიც, ერთი მხრივ, ერთ მუშტად შეკრავდა ჩვენს ასე ხშირად დაქსაქსულ და ასე დაქუცმაცებულ ერს, ხოლო, მეორე მხრივ, იქნებოდა იმდენად პროგრესული, რომ გარდაუვალი გახდებოდა ჩვენს ოჯახში - თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნება", - განაცხადა სააკაშვილმა..

კომენტარები