NDI-ის წინასწარი შეფასება

NDI: ადგილობრივ არჩევნებზე პრობლემების აღსაკვეთად ღონისძიებები უნდა გატარდეს

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც წერია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

"2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში საარჩევნო დემოკრატიისაკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ დროში ეს პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემის მეორე პრეცედენტია. ეს ასევე მესამე არჩევნებია, როდესაც მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა დამარცხება აღიარა და გამარჯვებულს მიულოცა.

საარჩევნო პროცესები უმეტესწილად საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად წარიმართა და უშუალოდ არჩევნების დღემ მშვიდობიანად და გართულებების გარეშე ჩაიარა. უფრო მეტიც, პროცესს მნიშვნელოვნად წაადგა ძლიერი ოპოზიციური კანდიდატების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ამომრჩევლების აქტიური მონაწილეობა. ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნები საქართველოს პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ხდება", - წერია დასკვნაში.

NDI-ის დასკვნის მიხედვით, არჩევნებში უარყოფითი ტენდენციებიც გამოიკვეთა.

"ეს მოიცავს: პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას და რელიგიურ, პოლიტიკურ და სექსუალურ უმცირესობებზე ზეწოლას; მსგავსი ზეწოლის აღკვეთისკენ მიმართულ არასაკმარის ძალისხმევას; ტენდენციას, რომ ხელისუფლების ერთ დონეზე არჩევნების შედეგები ხელისუფლების სხვა დონეებზეც აისახება; არჩევნების ლეგიტიმურობის და სხვა კანდიდატების სანდოობის საკითხის ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას; საარჩევნო და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებას; და მიმდინარე პოლარიზირებულ ატმოსფეროს.

იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები გადაიჭრას, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ოპონენტების და უმცირესობების დაცვის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თანამშრომლობის, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნების მაგალითი უნდა დაამკვიდრონ".

ანგარიშში ასევე წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით ე.წ. კოაბიტაციის პერიოდი დასრულდა.

"ამ არჩევნებით დასრულდა ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი აღმასრულებელ ხელისუფლებას ინაწილებდნენ. კოჰაბიტაციის ერთმა წელმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის თანამშრომლობის რამდენიმე შემთხვევა წარმოაჩინა, თუმცა, აღნიშნულმა ვერ აღმოფხვრა ის პოლარიზაცია და მიდგომა - "ან ყველაფერი, ან არაფერი", რომლითაც ბოლო წლების ქართული პოლიტიკა გამოირჩეოდა", - წერია ანგარიშში.

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დასკვნაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეკომენდაციებიც წარმოადგინა.

"სავარაუდოდ, პოლიტიკური ტემპერატურა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მაღალი იქნება. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების პოზიტიური ასპექტების გასაგრძელებლად და პრობლემების აღსაკვეთად დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის - ძალადობის აღკვეთაზე და მის პრევენციაზე საკმარისი ყურადღების გამახვილება; სახელმწიფოსა და კამპანიის რესურსებს შორის არსებული განსხვავების კიდევ უფრო დაზუსტება; საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო კომისიების წარმომადგენლობითობა და არჩევნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა; საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზუსტი, მიუკერძოებელი პოლიტიკური ამბების გადმოცემა; დამატებითი ტრენინგები ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ისეთი სისტემა, რომელიც გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს და ხმის მიცემის უფლებას მაქსიმალურად ბევრ ამომრჩეველს მისცემს; კიდევ უფრო ძლიერი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყებები, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან საარჩევნო კამპანიის ფინანსების მართვასა და საარჩევნო საჩივრებზე რეაგირებას; და კონკურენტი მხარეების მიერ საკითხებზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება", - წერია დასკვნაში.

საპრეზიდენტო არჩევნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 20 წარმომადგენელი აკვირდებოდა. 

კომენტარები