ქეთი დევდარიანი

ქეთი დევდარიანი - პატივმოყვარეობის საკითხია, რომ ხარისხი არ უნდა დავარდეს

ბავშვობა არ ენატრება, საშინლად ახსოვს, როგორ ამეცადინებდნენ მუსიკაში, როგორ უნდა მიეღო ყველაფერში ხუთიანი, როგორ ცდილობდა, ეზოში დიდებთან ეთამაშა და არ გამოსდიოდა. გართობის მიზნით ჩუმად კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას, მერე 17 წლის გათხოვდა და დაიწყო სტუდენტობა. დაგეგმილი არაფერი ყოფილა, დრო იყო ასეთი, იმასაც ვერ დაგეგმავდი, იყიდდი თუ არა მეორე დღეს პურს. მაგრამ მაინც „დაგეგმილი იყო, რომ უნდა ვყოფილიყავი ძალიან მაგარი ვინმე. ვინ, სულერთია", მეუბნება ქეთი დევდარიანი.

ამას მოჰყვა სამსახურის ძებნა და სკოლის მასწავლებლად მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოთხოვნილი 500 დოლარი. ისევ და ისევ, დრო იყო ასეთი. მერე – გერმანულის მასწავლებლობა და სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში. „ჯგუფში გვყავდა პოლონელები, ხორვატები, იაპონელები, ბერძნები, ბულგარელები, ებრაელები... ძალიან მიკვირდა, რომ ბულგარელ გოგოსთან ერთად ვიჯექი და ვლაპარაკობდი, როგორც ჩემს ქართველ კლასელს, ისე ვეჭორავებოდი... ეს ნიშნავს, რომ ჩემი მსოფლმხედველობა გასაგები, მისაღები და მეგობრობისთვის საკმარისია პოლონელთან, ებრაელთან, ხორვატთან... ამით თვითშეფასების მაჩვენებელი ამიმაღლდა და გამიჩნდა იმედი, რომ ოდესმე, ჩემი გაკეთებული, მსოფლიოსთვის იქნება გასაგები".

ქეთისთან მივდივარ, დაგეგმილი მაქვს, გავცდე „ჩემი ცოლის დაქალების" თემას, არ შევეხო სამუშაო გარემოს და მასზე იმ კუთხიდან დავწერო, საიდანაც ხალხი არ იცნობს. მესამე სართულზე როგორც კი ავდივარ, პავილიონების გასწვრივ დერეფანში მანანას (სერიალის ერთ-ერთი გმირი, მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე) ვხედავ, რომელიც ხალათის ამარა დადის წინ და უკან. შევდივარ ქეთისთან, ვიწყებთ საუბარს და ვხვდები, რომ სერიალს და, ზოგადად, სამუშაო გარემოს ვერაფრით გავექცევით:

„ერთ საათში უნდა დავჯდე და დავწერო 88-ე სერია. ეს, რა თქმა უნდა, რუტინაა, ამას ვაკეთებ მესამე წელია, მაგრამ პატივმოყვარეობის საკითხია, რომ ხარისხი არ უნდა დავარდეს. და ამას ვერანაირი რუტინა ვერ გადაფარავს. ჩემი საოცნებო სამსახური მაქვს. ყველა ჩემი უფროსი ჩემი მეგობარია, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, თავისუფალი დრო რომ გვაქვს, ვსხედვართ კაფეში, რესტორანში, ბუნებაში ან რომელიმეს სახლში და იქაც სერიალზე ვლაპარაკობთ. ამის გამო ძალიან ბევრ ჩვენგანს არ ჰყავს ოჯახი, ან დაენგრა, აქვს არასრულფასოვანი პირადი ცხოვრება... მოვდივართ სამსახურში და მერე.... აი, მაგალითად, დღეს ღამის ოთხამდე შეიძლება აქ ვიყო. თავისუფალი დრო რომ მქონდეს, ფილმებს ვუყურებდი, ჩემი საოცნებო სიბერე ასე წარმომიდგენია: ვზივარ, უკვე აღარ მადარდებს გასუქება, არაფერს აღარ ვუფრთხილდები, სხეული უკვე ჩემთვის ბარგის მაგვარი რამაა, მიდევს კარგი ღვინო, შოკოლადი და ვუყურებ კარგ კინოებს. კინოში სიარულზე ვგიჟდები, მარტო დავდიოდი ხოლმე"...

რამდენიმე დღეში პროფილის სრულყოფისთვის ირაკლი საღინაძეს ვესტუმრე, მისი საუბარი იმდენად ერწყმოდა ქეთისას, რომ მივხვდი, ეს ორგანიზაცია – ფორმულა კრეატივი – მართლაც საერთო ძირეულ ფასეულობებზე დგას. „დიდი გუნდია აქ, ასე, 25-კაციანი, არა – ადამიანიანი, კაციანი ძალიან სექსისტურად ჟღერს", მეუბნება ირაკლი. „სულ ერთად ვართ, კლუბში წასვლა იქნება, კაფეში დაჯდომა, უბრალოდ ლაპარაკი ფინჯან ყავასთან თუ რა, რაც სხვა ადამიანებით ცოტა უნდობლობამ და იმედგაცრუებამ მოიტანა. იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ ჩნდება ხალხი, ვინც თავისი კომუნიკაციით გვანახებს ურთიერთობის იმ ხარისხსა და სიღრმეს, რომელიც აქ ჩამოყალიბდა".

ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო ქეთი, ის კრეატივს 2008 წელს შეუერთდა. იშვიათობას ისიც აღრმავებს, რომ ის კრეატივის ბორდში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალია. „სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანი ამას კაცურად აზროვნებასა და ქცევას დაარქმევს, ამ დროს აბსოლუტურად ფემინურია, მას აქვს კაცური კი არა, ქალური ძლიერი ტვინი", მიყვება ირაკლი. „ქეთის შესახებ ჩვენ გაგონილი გვქონდა, უფრო სწორად, არა ქეთის, არამედ ფორუმის იუზერის შესახებ, რომელსაც სახელად ერქვა რემედიოსი. გავიცანით სერიალ „ჩვენი ოფისის" თემიდან, თავიდან ყურადღება მივაქციეთ როგორც ადამიანს, რომელიც გვგულშემატკივრობდა და ძალიან სწორად იჭერდა იმას, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობდით... მაგ პერიოდში ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ნიკა რამიშვილი და გიგა ნასარიძე, ეგენიც ფორუმელები იყვნენ და ქეთის ვირტუალურად იცნობდნენ. მერე მოხდა ისე, რომ ფორუმელების შეკრებებზე ქეთი გაიცნეს. ქეთის არ ეძახდნენ, რემეს ეძახდნენ, ნიკა რამიშვილი ამბობდა ხოლმე, რემე მაგარი გოგოა და ხო არ დავაწყებინოთ მუშაობაო.

ერთხელაც მართლა მოიყვანა, გვითხრა, პროექტი აქვსო, დავსხედით, ვილაპარაკეთ და პირველივე კომუნიკაციისას თვალსაჩინო გახდა, რომ ქეთი არის ჩვენი მსოფლმხედველობის, ჩვენიანი ადამიანი. რომელსაც ესმის ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროექტიც ძალიან საინტერესო იყო, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა პილოტები. ამასობაში დავმეგობრდით კიდეც და, ასე ვთქვათ, „სასტავის" წევრად გადაიქცა. რამდენიმე ძალიან საინტერესო პილოტი გაკეთდა, თუმცა პროექტის ყიდვაზე ვერცერთი არხი ვერ დავიყოლიეთ იმიტომ, რომ იმ დროს პოლიტიკურ და მწვავე სოციალურ თემატიკას ერიდებოდნენ. ამის მერე იყო სერიალი „კლინიკა", სადაც მე ვიყავი არტპროდიუსერი და მთავარი რედაქტორი. ქეთი ავიყვანე თანაშემწედ და ძალიან დიდი მოცულობის საქმე ჩავაბარე, მას უნდა დაერედაქტირებინა 5 სცენარისტის დაწერილი სცენარები. იმის გამო, რომ ჯამში ბევრსცენარისტიანმა პროექტმა ვერ გაამართლა, რამდენიმე მათგანი გავუშვი სამსახურიდან და გამოვიდა, რომ მე და ქეთი ვწერდით სცენარს და 1-2 ადამიანიც გვეხმარებოდა. მაგ დროს გამოჩნდა, რომ ქეთი ძალიან მაგრად წერს. თუმცა ის სტილისტიკა, რასაც იქ ვაკეთებდით, არ არის მისი. მერე დაიხურა სერიალი „კლინიკა" და ვიყავით უმუშევრები, მთელი წელი, ისევე როგორც ჩვენ, ქეთიც ყოველდღე უხელფასოდ დადიოდა სამსახურში. მაგ პერიოდში გაჩნდა და დამუშავდა ფილმ „ჭამა და სექსის" იდეა. ქეთის თავის სტილში დაწერის საშუალება მიეცა. სწორედ „ჭამა და სექსმა" შთაგვაგონა, გაგვეკეთებინა სერიალი ყოფით თემებზე. ქეთი ქალების ისტორიებს იცნობდა ძალიან კარგად, ამბობდა, ფორუმზე ქალების თემაში ისეთი რაღაცები იწერება, შთაგონების წყარო არასდროს მომაკლდებაო. ახლა საერთოდ აღარ იყურება იქ, სერიალის ამბები ისე ჩამოყალიბდა, რომ თავისით გვწერს უკვე. მოკლედ, დაწერა ქეთიმ სცენარი, გადავიღეთ პილოტი და რუსთავი 2-მა პროექტი იყიდა".


ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
„მაშინ რომ მითხრეს, სცენარზე იმუშავეო, ვუთხარი, არა, რას ლაპარაკობთ, ცხოვრებაში ლექსი არ დამიწერია-მეთქი", მიყვება ქეთი. „უკიდურესად შეყვარებული რომ ვიყავი, ერთი მოთხრობაც კი არ დამიწერია. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, სიზმრებს ვიწერდი იმიტომ, რომ ჰქონდა დრამატურგია და ვფიქრობდი, საკუთარი თავის გასაცნობად ოდესმე ძალიან გამომდგომოდა. ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ იციან საკუთარ თავზე. ჩემი აზრით, ჩვენი ნაციონალური პრობლემაა რეფლექსიის უქონლობა. არა მარტო მეორე ადამიანთან, არამედ საკუთარ თავთანაც არ ვსაუბრობთ, არ ხდება საკუთარ თავში მოგზაურობა, არ კეთდება ანალიზი იმის, რაც მოხდა.

ქართველები ერთმანეთში არ ლაპარაკობენ, არც ცოლ-ქმარი, არც შეყვარებულები, არც და-ძმა, არც დედ-მამა... ხდება მარტო ფაქტების ინტერპრეტაცია. ყველა ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებს, როგორი ინტელექტიც აქვს. ანალიზსა და არგუმენტებამდე ვერ მივდივართ. სულ ელოდებიან ჩემგან სერიალის გმირების კათარზისს, მათ გაზრდას... სინამდვილეში, ჩვენ ხომ ის პრობლემა გვაქვს, რომ არ ვიზრდებით, ბოლო 20 წელია, სულ წრეზე ვტრიალებთ.

ვფიქრობ, ჩვენი სერიალი ბუნებრივი იმით ხდება, რომ გმირები – დათო და ნინა არ დასხდებიან და არ დაიწყებენ ლაპარაკს იმაზე, თუ სად შეეშალათ, სად დაუშვეს შეცდომა... არის თუ არა ბუნებრივი, რომ კაცს ვიღაც სხვაც მოეწონოს? აი, ამაზე არ ლაპარაკობენ. შესაბამისად, მე რომ დამესვა ეს ჩემი გმირები და ამაზე ელაპარაკათ, ეს იქნებოდა ბერგმანის „შემოდგომის სონატა" და არა ქართული სერიალი, რომელიც, ჩემი აზრით, არის მხატვრულად გაკეთებული home video.

აი, რომ ამბობენ ხოლმე, არასოდეს თქვა არასოდეს, მაინც უნდა იცოდე, „არასოდეს"-ს რაზე იტყვი. მაგალითად, მე უარს ვაცხადებ რამის გამო ადამიანის მოკვლაზე, რაც არ უნდა იყოს ეს, თუნდაც ჩემი შვილი მოკლას. მე ვიცი ჩემი კომპლექსები, რომელსაც ვერ ვიხსნი, ეგრე ადვილი კი არ არის, მაგრამ ვიცი, საიდან მოდის და როცა ეს იცი, მერე წყნარად ხარ. მე, მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, როცა მტოვებენ, რატომ ხდება ასე? როცა მე ვტოვებ, რატომ ხდება ეს? როცა ჩემი შვილი უკმაყოფილოა, რის გამოა ეს? როცა მე ვარ მისით უკმაყოფილო, სად მოვდუნდი და სად დამეზარა მისთვის რაღაცის ახსნა? ანუ ჩემთვის პრობლემად რჩება მხოლოდ ის, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს, თორემ პრობლემის არსი ვიცი და გაოცებული არასოდეს ვარ, თუ რატომ შემემთხვა ეს. აი, მაგალითად, კიბოსი მეშინია ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე უკონტროლო პრობლემაა მათ შორის, რაც შეიძლება ცხოვრებაში შემხვდეს. მე ვერ განვსაზღვრავ მაგას. დანარჩენ პრობლემებს ვხვდები ძალიან მშვიდად".

ჩვენთან საქართველოში არ არის დონორობის კულტურა. ქეთის უნდა, რომ მისი ორგანოები სიკვდილის შემდეგ ოპერაციებში გამოიყენონ. „ჩვენი ეკლესია კი ამბობს, რომ ეს არის არაქრისტიანული. აპრიორი ბოროტებაა, როცა ამას კრძალავ, სხეული ხომ აღარ არსებობს სივდილის მერე? ეს ხომ ეკლესიურადაც ეგრეა".

 რა არის თქვენთვის ეკლესია?

 მე მომწონს ეკლესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიას აქვს აკუსტიკა და გარემო არის ძალიან მშვიდი. ჯვარზე ასულს, შიგნით რაღაცნაირი სიგრილე, იდუმალება, მისტიკა დაგხვდება, რაც არ არის სამებაში იმიტომ, რომ იქ უკვე თანამედროვეობა და სიმდიდრეა. ქართულ ეკლესიას სიმდიდრე არ უხდება. თავიდან ერთი მომენტი მეგონა, რომ ეკლესია მოდის ჩემთან, მერე მივხვდი, რომ მე უბრალოდ ესთეტიკა მომწონდა და არა ამ ყველაფრის არსი. მომწონდა ფორმა და არა შინაარსი. არცერთხელ არ დამიცავს მარხვა. ჩემთვის მიუღებელია ყუთი, სადაც ეკლესიისთვის აგროვებენ ფულს, გარეთ კი მათხოვრები დგანან, შიათ და სწყურიათ. არ ვმორალისტობ, მორალისტებიც ძალიან არ მიყვარს.

რელიგია, ღმერთი რა არის თქვენთვის?

ღმერთს რას ეძახი, გააჩნია. ვიღაცისთვის ღმერთი არის ბუდა, ვიღაცისთვის ალაჰი, ვიღაცისთვის ქრისტე და ჩემთვის ეს არის კანონზომიერება. ღმერთი, რა თქმა უნდა, არსებობს. რწმენის გარეშე ცხოვრება არის ძალიან რთული და ძალიან დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, რომელიც, ალბათ, მე არ მაქვს. ამიტომ მე კანონზომიერებით ვიაზრებ. აი, მაგალითად, სიკეთეს აკეთებ, სიკეთე გიბრუნდება. ფიზიკის კანონებიც ღმერთია. ოღონდ ღმერთი არ არის წვერიანი მოხუცი, რომელიც ამათ დასჯის, იმათ არ დასჯის...

რელიგია საქართველოს ისტორიაში?

რელიგია ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგალითად, გრიგოლ ხანძთელის დროს. ეს იყო მნიშვნელოვანი, აქტუალური და აბსოლუტურად პროგრესისკენ მიმართული... ბევრი ფუნქცია ჰქონდა ეკლესიას: წერა-კითხვის გავრცელება, გადაწერები, საზღვრების გამაგრება...

დღეს აქვს ეკლესიას რაიმე კულტურული როლი?

არა. რეგულაცია არის და განსაკუთრებით იყო მანამ, სანამ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსი. ჩვენ დაგვიტოვეს ათი მცნება და ეს ათივე მცნება ახლა უკვე შეტანილია სისხლის სამართლის და ეთიკურ კოდექსში, საჯარო კანონში. ზოგიერთი მცნება აქტუალური აღარ არის. რომ არ უნდა იმრუშო, ეს შენი პირადი არჩევანია. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი შიშის გამო არ აკეთებს რაღაცას, შიში განაპირობებს თავშეკავებას და ფუნდამენტური ღირებულებები აქედან გამომდინარეა ალბათ საჭირო, მაგრამ ძალიან სეკულარულად. ანუ, ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში. დღეს მე ეკლესიას ჩვეულებრივ ბიზნესად აღვიქვამ, არ იხდიან გადასახადებს და რა მიწაზეც უნდათ, იქ აშენებენ ეკლესიას...

ჩვენმა საუბარმა დაახლოებით ერთ საათს გასტანა და საკმაოდ ბევრ თემასაც შევეხეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ დაგვრჩა უთქმელი. ირაკლიმ მითხრა: „არ არსებობს მომენტი, როდესაც ქეთი არ არის საინტერესო, ყოველთვის ახერხებს, რომ რაღაც ახალი გითხრას, ძალიან საინტერესოა მასთან ურთიერთობა".

მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის სარკაზმი, რომელიც ერთი შეხედვით არ იგრძნობა, რადგანაც მსუბუქად და დახვეწილად არის ჩაქსოვილი მის პიროვნებაში. თითქოს არაფერი, მაგრამ სერიალი გაჯერებულია გროტესკით, ის დასცინის გმირებს, მაგრამ ისე, მსუბუქად, გაღიზიანებას რომ არ იწვევს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს: „მე აქ მაქვს იმიჯი, რომ ვარ ქოფაკი და ვჩხუბობ, მაგრამ ეს არის უბრალოდ სამუშაო პროცესი, ამის გარეშე ვერ მოვასწრებთ, ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვმუშაობთ". ირაკლი კი აგრძელებს: „ქეთის ცვალებადი ხასიათი აქვს, არის ძალიან მკაცრი, ადამიანებს უყენებს მაღალ მოთხოვნებს... თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ხანდახან უხეშიცაა, მაგრამ უფრო მხიარულია".

ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, ბებია რომ არ უყურებს ამ ყველაფერს და არ უხარია ჩემი ამბებიო, მეუბნება ქეთი. „37 წლის ასაკში რომ მახსენდება, როგორ იქცეოდა ბებია მაშინ, მე რომ ათი წლის ვიყავი, დღემდე იწვევს აღფრთოვანებას. დედას და მამას ეჩვევი და აღარ გეჩვენებიან ავტორიტეტებად, აი, ბებია კი დღემდე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. სულ მეუბნებოდა, საკუთარ თავთან მოაგვარე ყველაფერი და მერე გარემო თავისით ლაგდებაო".

კომენტარები