შსს-ს წლიური ანგარიში

შსს: დიდი ყურადღება ექცევა პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვას

Police.ge

შსს-ს განცხადებით, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვას. ამის შესახებ ნათქვამია უწყების წლიურ ანგარიშში, რომელიც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. 

"2013 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს შს მინისტრი. კომისიას დაევალა შსს-ს სისტემაში აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული მასალის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი, განადგურების ან/და დაარქივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის სექტემბერში განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის ნაწილი", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სისტემის გამჭვირვალობასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. როგორც შსს-ს წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, 2013 წლის მაისში შეიქმნა მობილური აპლიკაციის სერვისი, რომლის მეშვეობით, დაინტერესებული პირები მობილური ტელეფონით ეცნობიან ახალ ამბებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და სხვა მონაცემებს, იხდიან ჯარიმებსა და სავიზო განაცხადის საფასურს და ა.შ.

სამინისტროს განცხადებით, გასულ ერთ წელიწადში შსს-მ გააუმჯობესა სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობები. ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 18 მარტს ფოთში, ხოლო 23 აგვისტოს ზესტაფონში, გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები. ასევე, 2013 წლის თებერვლიდან დაიწყო და 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სამშენებლო/სარემონტო პროექტი (მათ შორის, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა სოფელ ეწერში, გორისასა და გუდაურში, აგრეთვე შსს-ს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები). შსს-ს ანგარიშში ასევე წერია, რომ 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონების სამხარეო მთავარი სამმართველოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა. უწყების ცნობითვე, შსს-ს სტრუქტურული ერთეულების ავტოპარკი განახლდა 570 ერთეული სედანის, პიკაპისა და ჯიპის ტიპის ავტომანქანით.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვირტუალურ სივრცეში მისმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განათავსა. ამის გამო ხვედელიძე დააკავეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 14 მაისის ბრძანებით კი, ბიძინა ივანიშვილმა გელა ხვედელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს და ხვედელიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შემდეგ, უფრო გააქტიურდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების განადგურებაზე საუბარი, იმართებოდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომები, თუმცა, რამდენჯერმე გადაიდო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება - ჩანაწერების განადგურების შესახებ. რამდენჯერმე კი, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს - ჟურნალისტებს, დეპუტატებს და ექსპერტებს აჩვენეს. საბოლოოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერების ნაწილი 2013 წლის 5 სექტემბერს, ე.წ მოდულის შენობაში განადგურდა. 

კომენტარები