შსს-ს წლიური ანგარიში

შსს: 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, დმი-ში ადამიანის უფლებები არ დარღვეულა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს წლიურ ანგარიშში, რომელიც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. მინისტრის განცხადებით, 2013 წელს სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია მოხდა. მისი თქმით, დეპოლიტიზება ითვალისწინებდა პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების ნაცვლად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას. ღარიბაშვილის შეფასებით, 2012 წლის ნოემბრიდან სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მინისტრი დეპოლიტიზების და რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთ მაგალითად მიიჩნევს 2012 წლის ნოემბერში კუდ-ის და სოდ-ის გაუქმებას და ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების შექმნას. 

სამინისტრო მიღწევად მიიჩნევს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის განვითარებას. უწყების ინფორმაციით, 2013 წლის თებერვალში შსს-ს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური აღიჭურვა ვიდეოკედლითა და უახლესი მოდელის სერვერით. შსს-ს ცნობით, სერვერთან დაკავშირებულია თბილისის გარემეთვალყურეობის კამერები, ჩატვირთულია სხვადასხვა სახის დეტალური რუკები.

"გაიზარდა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და შემადგენლობა. დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) საქმიანობა გახდა ტრანსპარენტული. ბოლო 10 თვის განმავლობაში, 
მონიტორინგის მიზნით, დმი-ებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 90-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა; 2012 წლის დეკემბერში, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. დმი-ში არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, შემუშავდა დაკავებულთა საჩივრებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა; განხორციელდა დმი-ს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2013 წლის 18 მარტს ფოთში და 23 აგვისტოს ზესტაფონში გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები. თბილისის დმი-ში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები; დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაიზარდა ქალ თანამშრომელთა რაოდენობა; პერმანენტულად ხორციელდება იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების, ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენისა და ადამიანის უფლებების 
დაცვის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით", - ნათქვამია შსს-ს წლიურ ანგარიშში.

 

კომენტარები