შარშან საზაფხულო სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად ფრანგული PSG აქტიურობდა. შეიხმა ფული წელსაც უხვად დახარჯა, თუმცა მთავარი მაინც არსებული შემადგენლობის შენარჩუნება იყო. ეს არა მხოლოდ პარიზელთა შემთხვევაში იყო აქტუალური – ლივერპულში ბევრი მუშაობა მოუწიათ, რომ გუნდის ლიდერი, ლუის სუარესი შეენარჩუნებინათ. ამაზე მოგვიანებით, იქამდე კი ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყოთ.
გარეთ ბეილისთვის ტოტენჰემი უკვე წარსულია. ამ ფეხბურთელის ამბიციებს ლონდონური კლუბი ვეღარ აკმაყოფილებდა და, აქედან გამომდინარე, ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, ვინ მოახერხებდა უელსელის გადაბირებას. ვრცელდებოდა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის, მანჩესტერ იუნაიტედის, ბარსელონას... მაგრამ საბოლოოდ, საკუთარ გუნდში ბეილის ხილვა ყველაზე მეტად ფლორენტინო პერესმა მოინდომა, რომელმაც ფეხბურთელის სანაცვლოდ არაამქვეყნიური თანხა გადაიხადა. ინგლისური პრესის ცნობით, ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 100 მილიონი ევრო, ანუ 85.3 მილიონი გირვანქა მიიღო. ეს კი მსოფლიოს რეკორდია... 2009 წლის 1 ივლისს, ასევე მადრიდულმა კლუბმა, მანჩესტერ იუნაიტედს კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში 94 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად ითვლებოდა.
ბეილმა ელ მადრიგალზე ვილიარეალისთვის გატანაც მოასწრო და კრიშტიანუ რონალდუსთან ჩახუტებაც. ეს ყველაფერი კარგია და მადრიდული გუნდის გულშემატკივრებს ნამდვილად უნდა უხაროდეთ კლუბში უელსელი უინგერის მისვლა, მაგრამ აქ სხვა საკითხია მნიშვნელოვანი – შეესაბამება თუ არა ფეხბურთელში გადახდილი თანხა რეალობას? ნამდვილად არა. საერთოდ, ღირს კი ამხელა თანხა – 100 მილიონი ევრო – დღეს მსოფლიოში რომელიმე ფეხბურთელი? ალბათ ორადორი მოთამაშეა – ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. კლუბში მოსვლის შემდეგ, კარლო ანჩელოტის პირველი შენაძენი 30 მილიონ ევროდ ესპანელი ისკო იყო. მალაგას ყოფილი ფეხბურთელი ჯერჯერობით ახალ გუნდში კარგად ჩაჯდა და გოლების გატანაც მოასწრო. სამეფო კლუბს პატარა თანხა არც ასიერ ილიარამენდში გადაუხდიათ. 6-წლიანი კონტრაქტი და 32.5 მილიონი ევრო, რომელიც 23 წლის ესპანელის ყოფილმა კლუბმა, რეალ სოსიედადმა მიიღო. ეს მადრიდელთა მხრიდან ყველაზე დიდი თანხაა, რაც ოდესმე ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში გადაუხდიათ.
ასეა თუ ისე, ბარსას ახალი 11 ნომერი ჰყავს. აღარ ჰყავს დავიდ ვილა, რომელიც სასაცილო თანხად – 5.1 მილიონ ევროდ გაუშვეს მადრიდის ატლეტიკოში. ახლა მთავარი კითხვა, რაც ყველაზე ხშირად ისმის, ესაა: შეძლებს ნეიმარი ბრაზილიის ტექნიკური ჩემპიონატიდან, სადაც მეტოქე მცველები ბევრად მეტ სათამაშო სივრცეს აძლევდნენ, განსხვავებულ პრიმერა დივიზიონზე ადაპტირებას?
მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ბეილი მათია და ახლა კლუბის ბიუჯეტში 100 მილიონით ნაკლები დარჩა, მადრიდელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მესუთ იოზილის გაყიდვა გადაწყვიტეს. ეს ფაქტი ახლაც ვერ მოუნელებია ესპანური გრანდის უამრავ გულშემატკივარს და ლოგიკურიცაა – გერმანელის გუნდში ყოლა ხომ უდიდესი კომფორტია. იოზილის სტატისტიკა შესანიშნავია: რეალში მისვლის შემდეგ, მას ევროპის საუკეთესო 5 ლიგის მოთამაშეებს შორის, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული – 47. 2010 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც პირველია ამ კომპონენტში – თანაგუნდელებს 14-ჯერ გაატანინა და მეორე ადგილზე მყოფ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამ ეტაპზე 3-ით უსწრებს.
ვენგერმა ბოლო წუთამდე მხოლოდ იაია სანოგო და მეტიუ ფლამინი გაიფორმა, ორივე უფასოდ – თავისუფალი აგენტის სტატუსით. ბოლო დღეს, არსენის თოფმაც გაისროლა და 24 წლის უნიჭიერესი გერმანელი შემტევი ნახევარმცველი ჩრდილოეთ ლონდონში გადავიდა. პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ეს ტრანსფერი ლონდონელებს დაახლოებით 42.5 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, პატარა თანხა ნამდვილად არ არის.
იოზილის ტრანსფერი პრემიერლიგაში ყველაზე ხმაურიანი გამოდგა და მისი გადაფარვა თუნდაც იმიტომ იყო შეუძლებელი, რომ ეს შენაძენი ბაზარზე მუდმივად ინერტულმა ლონდონის არსენალმა გააკეთა. ინგლისში ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს უეინ რუნი დატოვებდა. თითქოს, წითელი ეშმაკების 10 ნომერიც მზად იყო ამისთვის და სხვადასხვა კლუბებიც დაეწყვნენ რიგში, მაგრამ საბოლოოდ იუნაიტედმა მისი შენარჩუნება შეძლო. ვინ იცის, იქნებ ეს უფრო მეტს ნიშნავდეს დევიდ მოიესის გუნდისთვის, ვიდრე ბელგიელი მარუან ფელაინის 27.5 მილიონ გირვანქად შეძენა...
იუვენტუსში ტევესის გაშვების შემდეგ, მანჩესტერ სიტიმ 30 მილიონად შახტარელი ფერნანდინიო გაიფორმა. 22 მილიონი დაუჯდათ ქალაქელებს სტევან იოვეტიჩი, რომელიც ფიორენტიდანად გადმოიბირეს და 20.6 მილიონი – სევილიელი ალვარო ნეგრედო. სამივე ფეხბურთელი სერიოზული ძალაა სიტისთვის, თუმცა შემადგენლობას თუ გადავხედავთ, გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. აი, ფეხბურთელებს კი მოუწევთ ერთმანეთის ჩაჩოჩება, რომ სათადარიგოთა სკამზე არ აღმოჩნდნენ კონკურენციის გამო.
ძალიან დატვირთული ზაფხული გამოვიდა ლონდონის ტოტენჰემის ხელმძღვანელებისთვის. ლონდონელებს გარეთ ბეილის შეცვლა სჭირდებოდათ და სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ იაქტიურეს. ერიკ ლამელა (რომადან, 30 მილიონი), რობერტო სოლდადო (ვალენსიადან – 26), პაულინიო (კორინთიანსიდან – 17), კრისტიან ერიკსენი (აიაქსიდან – 11.5), ვლად კირიკეში (სტიაუადან – 9.5), ასევე ეტიენ კაპუ და ნასერ ჩადლი – ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, ვინც ჩრდილო ლონდონელებმა ამ ზაფხულს გადაიბირეს. სოლიდურია, ვერაფერს იტყვი... ჯერ მხოლოდ დანიელი კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი რად ღირს, რომლის შესახებ, ბოლო წლებში ევროპაში ძალიან ბევრს საუბრობენ. ვნახოთ, როგორ მოახერხებს ანდრე ვილაშ ბოაში შედეგის მიღწევას – ამიერიდან პორტუგალიელს ამას მკაცრად მოსთხოვენ.
საფრანგეთში წელსაც ბევრი დაიხარჯა. PSG-ს ამჯერად დმიტრი რიბოლოვლევის მონაკო შეუერთდა და, ჯამში, ტრანსფერებში საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა. პარიზელებმა, როგორც ზემოთ ვთქვი, მოახერხეს იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას შენარჩუნება, რაც განხორციელებულ ტრანსფერებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. იბრასთან ერთად, ამიერიდან PSG-ს სახელით გოლებს ურუგვაელი ედინსონ კავანი (55 მილიონი) გაიტანს. გუნდში რომადან მოვიდა მარქინიოსი (28) და ლუკას დინიე.
კავანის ტრანსფერში აღებული ფულით, ნაპოლიმ მადრიდის რეალისგან გონსალო იგუაინი (34.5) და კალეხონი (8) შეიძინა. იუვენტუსშია მანჩესტერ სიტიდან წამოსული კარლოს ტევესი, რომლის ხელფასის გადახდაც ქალაქელებს ძალიან დიდი თანხა უჯდებოდათ. კარლიტოს ტრანსფერი დაახლოებით 10-12 მილიონი დაჯდა. ბებერმა ქალბატონმა ესპანელი ფერნანდო ლიორენტეც დაამატა შეტევით ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ ფიორენტინამ ლიდერი იოვეტიჩი სიტიში გაყიდა, მიუნხენის ბაიერნიდან მარიო გომესი დაახლოებით 16-17 მილიონად შეიძინა. როგორც პრესაში დაიწერა, ამდენივე გადაუხადა რომამ ეინდჰოვენს, ნახევარმცველ კევინ სტრუტმანის სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ არც ბევრ სპეკულაციებს ჰქონია ადგილი და არც მრავალი მილიონი გადაუხდიათ, ეს ტრანსფერი იტალიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა – კაკა კვლავ მილანელია! შესანიშნავი ნახევარმცველი, რომელიც მილანში 2003-2009 წლებში ბრწყინავდა, მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ ჩრდილში მოექცა. ახლა მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი ძველებურ სიმაღლეზე ასვლას.
მთლიანობაში, ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი წელს ალბათ პრემიერლიგა იქნება. წელს აქ 630 მილიონი დაიხარჯა, რაც აბსოლუტური რეკორდია. იუნაიტედს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც შემადგენლობის დიდად გადახალისება არ ისურვა, არსენალმა რეკორდული ტრანსფერი განახორციელა და გუნდი გააძლიერა, მატებაა ჩელსის, სიტისა და ტოტენჰემის შემადგენლობებშიც. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება პრიმერა დივიზიონში, სადაც, ერთი მხრივ, ნეიმარისთვის ბრძოლაში მოგებული ბარსელონაა, მეორე მხრივ კი, მადრიდის რეალი, რომელმაც გარეთ ბეილი გაიფორმა. როგორ ითამაშებენ ეს ფეხბურთელები შიდა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე? ძალიან საინტერესოა, ვნახოთ. ამას დავუმატოთ უძლიერესი მიუნხენის ბაიერნი, შესანიშნავი დორტმუნდის ბორუსია, იტალიური გუნდები და, რა თქმა უნდა, დიდ ფულთან ერთად, სოლიდური შემადგენლობის მქონე ფრანგული კლუბები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თითქმის ყველა ფრონტზე, წლევანდელი სეზონი საინტერესო სანახაობას გვპირდება.