პოლიტიკური შემოწირულობები

TI: ელიტა ბურჯმა რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტი შსს-სგან გამარტივებულად მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, საყურადღებოა, რომ შპს ელიტა ბურჯის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ გვაზავამ ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ელიტა ბურჯმა ამავე პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტი, მათ შორის, 84 439 ლარის ღირებულების კონტრაქტი შსს-სგან გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო.

"ელიტა ბურჯის ოფიციალური მფლობელი კომპანია "რინგოლდ ფაინენსია", რომელიც ოფშორში - ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ეს კომპანია (თავისი შვილობილი ფირმის - "ჰორიზონტის" გავლით) ასევე ფლობს იმ მიწის ნაწილს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრია განთავსებული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ივანიშვილი, როგორც თავისი ბიზნესცენტრის, ისე ელიტა ბურჯის ბენეფიციარი მფლობელიც იყო. ელიტა ბურჯის დირექტორის თენგიზ გვაზავას მიერ გაღებული 50 000 ლარის შემოწირულება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი შეიძლება რაიმე კავშირში იყოს ელიტა ბურჯთან, ავტომატურად არ წარმოადგენს დარღვევას. თუმცა, საყურადღებოა, რომ ელიტა ბურჯმა ამავე პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტი, მათ შორის, 84 439 ლარის ღირებულების კონტრაქტი შსს-სგან გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო" - აცხადებს TI. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, კახეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა თამაზ თამაზაშვილმა ივნისში ქართული ოცნების სასარგებლოდ, 3 000 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულება განახორციელა. ორგანიზაციის ცნობითვე, ასევე ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს 10 000 ლარი შესწირა.

TI შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას სხვა პარტიებზეც ავრცელებს. 2012 წლის ოქტომბერში გიორგი თარგამაძემ საკუთარ პარტიას – ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას 60 000 ლარი შესწირა. იმავე თვეში, პარტიის სასარგებლოდ თანხა გაიღეს სხვა ლიდერებმაც - ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა 20-20 ათასი ლარი, მაგდალინა ანიკაშვილმა კი - 19 986 ლარი.

2012 წლის ნოემბერში რესპუბლიკურ პარტიას ლევან ბერძენიშვილმა 4 000 ლარი შესწირა, დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ - 10 000 ლარი, ხოლო გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ - 15 000 ლარი. ჯონდი ბაღათურიამაც განახორციელა შემოწირულებები თავისი პარტიის – ქართული დასის სასარგებლოდ, რამაც მთლიანობაში 3 775 ლარი შეადგინა. 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით ის ქართული დასის ერთადერთი შემომწირველი იყო.

ქართული პარტიის სასარგებლოდ ყოფილმა პარლამენტარმა თეო ტლაშაძემ, რომელიც ამჟამად ორგანიზაცია შერეული ოჯახები სოლიდარობისათვის თავმჯდომარეა, 5020 ლარის შემოწირულება განახორციელა.

2012 წლის ნოემბერში პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ 10 000 ლარი შესწირა პარტიას მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.
რაც შეეხება საქართველოს მწვანეთა პარტიას, 2013 წელს პარტიის გენერალურმა მდივანმა და პარლამენტარმა გიორგი გაჩეჩილაძემ ერთჯერადად, 588 ლარი შესწირა. 

სექტემბერში ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა პარტია საქართველოს ევროპელი დემოკრატების სასარგებლოდ 40 000 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო. TI-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზურაბ ხარატიშვილი ამ პარტიის ერთადერთი შემომწირველი იყო.

კომენტარები