ლაფანყურის სპეცოპერაციის საბჭო

ნანუაშვილი: არანაირი სამართლებრივი ძალა კომისიის დასკვნას არ ექნება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამომძიებელი საზოგადოებრივი საბჭოს დასკვნას სამართლებრივი ძალა არ ექნება. თუმცა, ექნება სერიოზული მნიშვნელობა და ოფიციალურ გამოძიებას შეავსებს.

"ჩვენ იგივე განცხადება გავაკეთეთ, რომ არანაირი ვალდებულება, არანაირი სამართლებრივი ძალა ამ კომისიის დასკვნას არ ექნება, მაგრამ მას ექნება სერიოზული მნიშვნელობა იმისათვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და დავადასტუროთ გარკვეული ფაქტები. ჩვენ შევავსებთ იმ ოფიციალურ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს", - თქვა ნანუაშვილმა კომისიის პირველი სხდომის დაწყების წინ. ნანუაშვილის თქმით, კომისიაზე დღეს სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

საბჭოს წევრი ლია მუხაშავრია კი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც კომისიას ექნება შესაბამისი დასკვნა, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, კომისიის და საკუთარი სახელით მთავარ პროკურატურას მიმართოს და გამოძიების ჩატარება დაავალოს.

"მას შემდეგ რაც ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას და გვექნება შესაბამისი დასკვნა, სახალხო დამცველი უფლებამოსილი იქნება, კომისიის სახელით და თავისი სახელით მიმართოს მთავარ პროკურორს და დაავალოს მოითხოვოს გამოძიების ჩატარება ამ ინფორმაციის საფუძველზე. ძალიან მკაცრად განსაზღვრული კანონის ფარგლებში უჩა ნანუაშვილი ისარგებლებს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. ვვარაუდობ, რომ გამოძიების შემთხვევაში, დავდებთ ისეთ მასალებს, რომელსაც მხოლოდ საბრალდებო დასკვნა უნდა ჰქონდეს", - თქვა მუხაშავრიამ.

საზოგადოებრივი საბჭოს შესახებ კომენატარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. "მათ ჰქონდათ უფლება რომ შეექმნათ კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ის არ იქნება ეფექტური", - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ შსს-ს მიერ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება "ძალიან ეფექტურად" მიმდინარეობს.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კი, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ საზოგადოებრივ კომისიას "სამართლებრივი ძალის მქონედ" არ აღიქვამს.

კომენტარები