თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

ირაკლი ალასანია NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპოულოსს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ცხრა ბერძენი დამკვირვებელი იღებს მონაწილეობას. მინისტრებმა ლონდონისა და ვილნიუსის დაგეგმილ სამიტებზეც ისაუბრეს. 

"შეხვედრაზე განვსაზღვრეთ ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები. შევთანხმდით, რომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება საქართველოს. საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალი წლის სამიტისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს საქართველოსთვის და გადაიდგას კიდევ ერთი ხელშესახები ნაბიჯი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ხვალ კი, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრების დონეზე, ISAF-ში მონაწილე NATO-ს არაწევრი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ კნუდ ბარტელს და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პორტუგალიის, რუმინეთის, ალბანეთის და რეგიონის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.

კომენტარები