ზურაბ ჟვანიას საქმე

სააკაშვილი: ჟვანიას ისტორიით ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ჟვანია "გვერდით სწორედ იმის გამო დაიყენა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე სათავისოდ გამოეყენებინა". მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის ისტორიის წამოწევით, "ის ადამიანი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ, ე.წ. კომპრომატებით საქართველო მოატყუა, ქართველ ხალხს კი ვერცერთი დაპირება ვერ შეუსრულა, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს". 

"თქვენ ვერ ხვდებით, რატომ წამოიწია არჩევნების წინ ჟვანიას ისტორია?! როგორ შეიძლება ყველა ოლიგარქს გიორგი ჟვანია ჰყავდეს გვერდით - პატარკაციშვილს, ამან კიდევ სიაში შეიყვანა. რომელი დიდი პოლიტიკოსი ჟვანიას ძმაა?! ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა ვინაა?! მხოლოდ ამისთვის შეიყვანეს, ნუთუ ვერ ხვდებით?!", - ამბობს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას საქმის გამო, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. გარდაცვლილი პრემიერის ძმის გიორგი ჟვანიას თქმით კი, "სააკაშვილი, სულ ცოტა, ზურაბ ჟვანიას მკვლელებს ხელს აფარებს". ჟვანია აღნიშნავს, რომ საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება.

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდება. მისი გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროც ჩაერთო. როგორც გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა 2005 წლის 1-ლ აპრილს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა დაემთხვა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

გიორგი ჯანაშიას განცხადებით, ბინაში, სადაც 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნით, არასწორად იყო დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გაუმართავი იყო სავენტილაციო სისტემა.

კომენტარები