რუსეთი

გადაყენებული ონიშჩენკო თანამდებობის დატოვებაზე უარს ამბობს

გენადი ონიშჩენკო
ria.ru

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის სამსახურის (როსპოტრებნადზორის) უფროსი გენადი ონიშჩენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა ოლგა გოროდეცმა განაცხადა.

მისი თქმით, ონიშჩენკოს ამ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. როსპოტრებნადზორის ახალ უფროსად ონიშჩენკოს მოადგილე, სპეციალობით ექიმი-ეპიდემიოლოგი ანა პოპოვა დაინიშნება. გოროდეცის თქმით, პოპოვა "კვალიფიცირებული ექიმი და კარგი სპეციალისტია".

მაგრამ თავად ონიშჩენკო გადადგომაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, "უცნაური პერსონაჟი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ განეკუთვნება". რუსეთის პრემიერის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ კი განაცხადა, რომ ბრძანებულება მთავარი სანიტრის გადაყენებაზე ჯერ არ არსებობს. 

გენადი ონიშჩენკო რუსეთის მთავარ სანიტარულ საზედამხედველო უწყებას 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება როგორც ემბარგოს შემოღება ქართულ პროდუქციაზე 2006 წელს, ასევე არაერთი მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული ღონისძიება სხვა ქვეყნების მიმართ. ონიშჩენკოს ბოლო ასეთი გადაწყვეტილება 7 ოქტომბერს ლიტვური რძისპროდუქტების იმპორტის აკრძალვა გახდა, რასაც ვილნიუსი პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ამ გადაწყვეტილებამ ევროკავშირის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.

 

 

კომენტარები