ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: დიდი ალბათობით, არჩევნებში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე დაიკავებს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე დაიკავებს. როგორც ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში საუბრისას თქვა, ამას ადასტურებს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა და ანალიზი.

"ყველა ანალიზი აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე იქნება ბაქრაძე. ბევრად არა, მაგრამ ის უგებს ბურჯანაძეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებითვე, იმის ალბათობა, რომ ბაქრაძე არ იყოს მეორე ადგილზე, უფრო დიდია, ვიდრე იმისა, რომ მეორე ტური დაინიშნოს.

"მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან მცირე და მინდა ჟურნალისტებს ვუთხრა, რომ ამაზე დიდ დროს ნუღა დავხარჯავთ – მეორე ტური არ იქნება", - თქვა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, მედიასთან ბოლო შეხვედრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, მასში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ივანიშვილს ეთანხმება თავად პრეზიდენტობის კანდიდატი და აღნიშნავს, რომ მეორე ტურში კანდიდატურას არ დააყენებს. 

კომენტარები