ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პოლიტიკაში ვალდებულების გრძნობით მოვედი, მე საჭირო ვიყავი

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ვალდებულების გრძნობით მივიდა. როგორც მან გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, როგორც კი დაინახავს, რომ საზოგადოებას აღარ სჭირდება, "ბოდიშის მოხდით, იმ წუთში გაერიდება".

"მე მოვედი მხოლოდ იმ ვალდებულების გრძნობით, რომ მე შემიძლია და სხვას არა და მე მგონი, მართლაც ასე იყო. მე საჭირო ვიყავი. ეს ოჯახია და შეგიძლია შენ მეტი გააკეთო? შენ ვალდებული ხარ, ისევე როგორც ის, ვისაც ნაკლები ანუ იმდენი შეუძლია, რამდენიც შეუძლია. ვალდებულების გრძნობა მე გამიჩნდა იქიდან, რომ შემიძლია, მაგრამ ამის მოწმე საზოგადოება უნდა იყოს და უნდა გამოგყვეს. თუ საზოგადოება გეტყვის, რომ ეს გეჩვენება, არ შეგიძლია და თურმე მესამედიც კი არ მოგყვება, სინდისიც კარგი საქონელია. თავს იტყუებ? წადი შვილო სახლში. როდესაც დავინახავ, რომ საზოგადოებას მე აღარ ვჭირდები, ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები და ამის ალბათობა არსებობს, მოვლენ ახალგაზრდები, ჩემზე ნიჭიერები, ჩემზე გაგებულები და ჩემზე კარგად დაინახავენ რაღაცეებს. თუ დავინახე, რომ ვიღაცას ფეხებში ვებლანდები, ღმერთმა დამიფაროს, იმ წუთში გავიწევი და ისევ თავისუფალი კაცი ვიქნები. მაგალითად, მებაღეობა მიყვარს ძალიან და დავრგავ ხეებს" - თქვა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა არჩევნებს პასუხისმგებლობით მოეკიდება.

"მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ. 60%-ზე ნაკლები -  55-51% თუ მოვა, ხალისი დამეკარგება.. ძალიან არა, მაგრამ მაინც დამეკარგება, მაგრამ თუ 45% მოვიდა, რა თქმა უნდა, მე ნიჰილიზმს ვიგრძნობ" - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები