The Observer-ის სტატია ბიძინა ივანიშვილზე

The Observer-მა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე სტატია გამოაქვეყნა

france24.com/

"საქართველოს მილიარდერ პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება უნდა, მაგრამ დათმობს კი ძალაუფლებას?" - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული The Guardian-ის საკვირაო გამოცემაში The Observer,  ბიძინა ივანიშვილზე თავის სტატიას შონ უოკერი.

The Observer-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ბუნდოვანი და ცოტა არ იყოს ავბედითია ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის პერსპექტივა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დიდად არ ცდილობს დაარწმუნოს ვინმე იმაში, თუ როგორ შეუწყობს ხელს მისი კულუარული როლი "საუკეთესო ევროპული დემოკრატიის" განვითარებას, ის ამბობს, რომ ის აშენებს.

"მხოლოდ ივანიშვილს ესმის, და სხვას არავის, იმ ბუნდოვანი სქემის, რომლის თანახმადაც ის გეგმავს ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნას საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე და პოლიტიკისგან გამიჯვნას, როდესაც ის საყოველთაო ბენეფიციარი გახდება, რომელიც მთავრობას ნაღდი ფულით უზრუნველყოფს და "გააკონტროლებს" მას. ეს ცოტა არ იყოს ავბედითი პერსპექტივაა. ესმის კი მას, რომ როგორც მკაფიოდ მიკერძოებულ პოლიტიკურ ფიგურას, გაუჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ნეიტრალური ბენეფიციარის როლში ყოფნა? "მაგრამ მე ხომ აღარ ვიქნები პოლიტიკოსი“, აცხადებს ის ისე, თითქოს ემიჯნება რა უმწვავეს პოლიტიკურ ბრძოლას, რომლის ერთი მხარე თავად იყო, შეუძლია უმალ ნეიტრალური გახდეს", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ქართველი ხალხის დიდი მოლოდინი არ გამართლდა იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის მილიარდები რიგითი მოქალაქეებისკენ იქნებოდა მიმართული. შონ უოკერის აზრით, პრემიერმინისტრის თაფლობის თვე ელექტორატთან დასრულდა.

სტატიის ავტორის აზრით, საქართველოს კომპეტენტური, კარგი ტექნოკრატი სჭირდებოდა, ამის ნაცვლად კი ქვეყანამ, ბიძინა ივანიშვილის სახით, მმართველად აირჩია მილიარდერი,   რომელზეც ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა.

"ყველა ტიპის ჭორები დადიოდა მინის სასახლეში დამალული ჯადოქრის შესახებ: ის, რომ ის ქვეყანაში ინკოგნიტოდ გადაადგილდებოდა და ტომრებით გასცემდა ნაღდ ფულს იმ სახელოვნებო და სოციალურ საჭიროებებზე, რომელსაც ღირსად მიიჩნევდა; ის, რომ მას ჰყავდა ალბინოსი თინეიჯერი შვილი, რომელიც საიდუმლოდ წერდა რეპს წამყვან ამერიკელ ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებთან; რომ ჰყავდა ზებრები, ლემურები და კენგურუები სხვადასხვა მდიდრულ რეზიდენციებში; და ისიც კი, რომ საგანგებოდ ჩამოატანინა ცოცხალი თევზი ანტარქტიდიდან იმისთვის, რომ მის პინგვინებს კარგად ეგრძნოთ თავი მათთვის შეუსაბამო თბილი კლიმატის პირობებში საქართველოში", - ნათქვამია სტატიაში.

შონ უოკერი ასევე შეეხო ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრას და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრმა მედიის წარმომადგენლები ჭკუის სასწავლებლად მიიწვია. The Observer-ის ავტორის თქმით, ივანიშვილი ჟურნალისტებს ციტატებს უკითხავდა და მათგან განმარტებებს ითხოვდა. რის შემდეგაც ჟურნალისტებს ლანძღავდა და მათ ფოსტალიონებად მოიხსენიებდა. ჟურნალისტის თქმით, ანალოგიური შეხვედრა შედგა პრემიერმინისტრსა და ექსპერტებს შორისაც.

უოკერი წერს, რომ საქართველოს მილიარდერი პრემიერმინისტრი გაკვირვებულია იმ მოსაზრებით, თითქოს ის კრიტიკისადმი მგრძნობიარეა. "არადა, ყველა, ვინც ბოლო დროს ქართულ პოლიტიკას თვალყურს ადევნებს, წესით, საპირისპიროს უნდა ფიქრობდეს. ივანიშვილიც თავადაც აღიარებს, რომ მოსახლეობა და მედია ზოგჯერ უფრო მადლიერი უნდა იყოს, რადგან ის "ყველაფერს სწორად აკეთებს" მას შემდეგ რაც პოლიტიკაშია", - წერს უოკერი The Observer-ში.

The Observer-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა უცხოურ პრესაში მასზე სტატიებით.

"მისი პიარ თანაშემწეები ჩივიან, რომ უცხოელი ჟურნალისტები ძირითადად პრემიერმინისტრის ზებრებზე წერენ და არა მის პოლიტიკაზე, რაც შესაძლოა იმის ბრალია, რომ ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას თავის ზებრებიან საზაფხულო რეზიდენციაში ამჯობინებს და არა სამუშაო ოფისში. როდესაც ჟურნალისტს პატარა ზებრას აჩვენებთ, ის სავარაუდოდ ჯერ ზებრაზე დაწერს და მხოლოდ ამის შემდეგ - დაგეგმილ სასოფლო-სამეურნეო რეფორმაზე. ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კვლავ ზებრების ჩვენებით, ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამას დღემდე ვერ მიხვდა", - წერს უოკერი.

ფაქტობრივად, დაშანტაჟება უწოდა უოკერმა ივანიშვილის გამოსვლას, სადაც მან აღნიშნა, რომ თუკი მათგან 60%-ზე ნაკლები დაუჭერს მხარს მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, მას იმედი გაუცრუვდება და მომავალში ინიციატივების განხორციელებისთვის "ენთუზიაზმს დაკარგავს". უოკერის აზრით, ამით პრემიერმინისტრის იმის თქმა სურდა, რომ დაკეტავს თავის "ფულის ონკანს", თუკი ხალხი მის რჩეულს მხარს არ დაუჭერს.

 

 

 

კომენტარები