ზურაბ ჟვანიას საქმე

გოგლა ჟვანია: სააკაშვილი, სულ ცოტა, ზურაბ ჟვანიას მკვლელებს ხელს აფარებს

სამხრეთის კარიბჭე

სააკაშვილი, სულ ცოტა, ზურაბ ჟვანიას მკვლელებს ხელს აფარებს, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს. 
როგორც გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში გოგლა ჟვანია აღნიშნავს, შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ. 
"ბარამიძე ამ საქმეში მეორეხარისხოვანი კი არა, მეათეხარისხოვანიც კი არ არის. არც მის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებზე არის ვინმე მაღალი აზრის. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმეში სხვა დეტალები უფრო მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ იმაზე მეტს, რასაც გამოძიება ამბობს, რადგან დეტალების დაზუსტებამ შესაძლოა გამოძიებას ავნოს", - აცხადებს ზურაბ ჟვანიას ძმა.

"პროკურატურა აცხადებს, რომ გარდაცვალების სხვა ვერსიას განიხილავს. ე.ი. ეს არ არის უბედური შემთხვევა. ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ახალი მასალები და მტკიცებულებები. FBI-ის დოკუმენტში ყველაფერი ისე არ წერია, როგორც სააკაშვილს უნდა. მეტიც, იქ დაზუსტებულია, რომ ზურასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზი გამათბობელი ვერ გახდებოდა, რადგან ის აბსოლუტურად გამართული იყო. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის რა დანაშაული მიუძღვის. სულ ცოტა, აქ ორი სახის დანაშაულზე მაინც არის საუბარი. პირველი, მან მკვლელებს ხელი დააფარა და მეორე, რაზეც ვითომ ახლა დელიკატურად მიუთითებს, აქამდე მისი სპეცსამსახური ავრცელებდა ზურაზე ბინძურ ჭორებს", - აცხადებს გოგლა ჟვანია. 

გარდაცვლილი პრემიერმინისტრის ძმის ამ განცხადებაზე გიორგი ბარამიძე კომენტარს აღარ აკეთებს. "ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთი კომენტარი გავაკეთე და აღარ ვაპირებ გამეორებას. ახლა მხოლოდ პროკურატურას მივმართავ. შეწყვიტოს ლაყბობა და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს. ჩემთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ წამოწიეს ეს თემა მაინცდამაინც არჩევნების წინ, როცა პროკურატურა გვპირდებოდა, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა, სად იყვნენ აქამდე?!" - აცხადებს კვირის პალიტრასთან საუბარში ბარამიძე. 

რამდენიმე დღის წინ გოგლა ჟვანიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. მისივე თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი, სულ ცოტა, ხელს აფარებდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს.

კომენტარები