შსს

ჩხრეკა ბაქრაძის შტაბის წევრის სახლში "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" ჩატარდა

RFE/RL

დავით ბაქრაძის ხარაგაულის რაიონის საარჩევნო შტაბის წევრის ნინო ფხალაძის ოჯახში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის მუხლით.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის წევრების თანხმობით განახორციელეს ჩხრეკა, თუმცა აღნიშნულ ოჯახში მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩნდა", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ჩხრეკის ორდერს, უწყების განმარტებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკა ორდერის გარეშეც შესაძლებელია. "თუმცა მაშინ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები უნდა წარედგინოს სასამართლოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩნდა", - განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ ეს ფაქტი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლად შეაფასა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ კი ამ ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.

კომენტარები