შტორმი

ძლიერი ღელვის გამო, ზღვამ ფოთში ბორანი სმატი გამორიყა

ძლიერი ღელვის გამო, ზღვამ ფოთში ბორანი სმატი გამორიყა. 35 ვაგონით დატვირთული გემი ფოთის ნავსადგურიდან გუშინ გავიდა. ფოთის ნავსადგურის კაპიტანის ვახტანგ თავბერიძის თქმით, სანავსადგურო საბუქსირე მცურავი საშუალებები გემთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სმატზე 16 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, რუსეთის ორი და უკრაინის 14 მოქალაქე.

"მეორე ნავმისადგომთან იდგა ეს ბორანი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს. ჩვეულებრივი, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ, 35 ვაგონით დატვირთული გავიდა ნავსადგურიდან. რადგან მოსალოდნელი იყო ამინდის გაუარესება, კაპიტანმა ითხოვა ღუზაზე დადგომა, რომ გადაეტანა საშტორმო ამინდი. კაპიტანს, რა თქმა უნდა, შეეძლო ჩვენთვის მოემართა, ნავმისადგომთან დარჩენაზე, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, არც სიტყვიერად და არც წერილობით. შუაღამისას, გამოვაცხადეთ შტორმი და ვივარაუდეთ ამინდის მკვეთრი გაუარესება. დილის სამი საათისთვის ამინდი ძალიან გაუარესდა, შტორმმა 6 ბალს მიაღწია. როგორც კი მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება, ინფორმაცია გადავეცით ყველა მცურავ საშუალებას, რის შემდეგაც, თითქმის ყველა მათგანი გავიდა ღია ზღვაში", - აცხადებს  ვახტანგ თავბერიძე და აღნიშნავს, რომ სმატის ეკიპაჟმა ღია ზღვაში გასვლა სცადა, თუმცა უკვე ჩაშვებული ღუზის ამოღება, ტექნიკური გაუმართაობის გამო ვეღარ მოახერხა.

"ღუზამ გემი ვეღარ დაიჭირა და დაიწყო დრეიფი. ამის შედეგად, გემმა ბევრი იმოძრავა და გამოირიყა სანაპიროზე. კაპიტნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გემს რაიმე დაზიანება არ აქვს, ეკიპაჟი 16 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი უვნებლადაა, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, დღის მეორე ნახევრისთვის, რის შემდეგაც, დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს", - ამბობს თავბერიძე.

გარდა ამისა, ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა აჭარაში. ხუთბალიანმა შტორმმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, საფეხმავლო გზებსა და ველობილიკებზე ქვიშა ამოყარა. ასევე ზღვის ტალღებმა დააზიანა კაფე აკროპოლისი. კაფის მენეჯერის ნონა გოგლიჩაძის თქმით, ზღვის ღელვა განსაკუთრებით გაძლიერდა ღამის ორ საათზე და ინვენტარი და ტექნიკა მთლიანად გაანადგურა. ჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით კი, ძლიერი შტორმი ქობულეთის სანაპიროზეც დაფიქსირდა.

"ჩვენი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა აჭარის ზღვისპირა ზოლზე. დაფიქსირდა ხუთბალიანი შტორმი სარფი-მწვანე კონცხის მონაკვეთზე, ხოლო ქობულეთში - უფრო მეტი. ამოყრილია ქვიშა ბათუმის ახალ ბულვარსა და ქობულეთის სანაპიროზე", - უთხრა თურმანიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.

კომენტარები