მსოფლიო სავალუტო ფონდი

ჯაფარიძე: მთავრობის საქციელი დაემსგავსა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლას

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა არ ენდობა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. როგორც ჯაფარიძემ გადაცემა ბიზნესკურიერში თქვა, ხელისუფლების განცხადებები დაემსგავსა არა ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლას. მისი თქმით, როდესაც მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ამბობენ, რომ გასული წლების განმავლობაში ეკონომიკის ზრდა იყო 6-7%, საქართველოს მთავრობა ამას ილუზიას უწოდებს. ჯაფარიძის განცხადებით, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა უნდა გაზრდილიყო 5-6%-ით, ხელისუფლებას ამის არ სჯერა.

"ისინი სულ ამბობენ, რომ თურმე სინამდვილეში კრიზისი არ არის, მაღალ ჩეკებს ვურტყამდით, თითქოს, მარტო ქართული ოცნება ხვდებოდა, რომ ეკონომიკაში იყო კატასტროფა და სულზე მოუსწრეს ეკონომიკას გადასარჩენად. ერთია, რასაც ლაპარაკობს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და მეორე, რასაც ამბობს მხოლოდ ქართული ოცნება" - აღნიშნა ჯაფარიძემ და დაამატა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტლიდან ეკონომიკა იზრდება უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე წინა წლის იმავე კვარტალში.

"ანუ ეკონომიკის განვითარების ტემპი, ეკონომიკური აქტივობა მუდმივად იკლებს. შესაბამისად, იკლებს დასაქმებაც. ასევე, შემცირდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა" - აცხადებს დეპუტატი. მისივე თქმით, საქართველოში დასაქმებაზე დიდი პრობლემა შემოსავლის დაბალი დონეა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი შემოსავალი და ვერ ინახავენ ოჯახს, თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ.

"გვჭირდება არამხოლოდ დასაქმების, არამედ, შემოსავლის ზრდა" - დასძინა უმცირესობის წევრმა.

უმრავლესობის წევრის დავით ონოფრიშვილის განცხადებით კი, მთავრობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებზეც ჯაფარიძემ ისაუბრა, ძალიან ენდობა და აქტიურად თანამშრომლობს მათთან. მისი თქმით, "ხომ შეიძლება, რომ რაღაცაში არ დაეთანხმო". ონოფრიშვილი ამბობს, რომ სავალუტო ფონდი "ჩაიხედავს ამ კონკრეტულ საკითხში უფრო ღრმად" და პასუხს ძალიან მალე გამოაცხადებს. 

"სავალუტო ფონდმა ივნისში პირდაპირ დაწერა, რომ მშპ-ს კლება დაიწყო შარშან ზაფხულიდან ანუ როცა ნაციონალური მოძრაობა ახალ დაპირებებს იძლეოდა. ამის შემდეგ, გარკვეული კლება მიდის. რაღაც პერიოდი სჭირდება იმას, რომ შენი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარო. ეს ვერ მოხერხდება პირველ წელს, როცა დაგახვედრეს გამოშიგნიული ეკონომიკა წინმსწრები გადახდებით. კანონმდებლობას ახლა ვცვლით და ვნერგავთ ჩვენს ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის რეალურ შედეგებსაც ამ წლების განმავლობაში მივიღებთ. ეკონომიკური ზრდა 2.5% იქნება ექვსის ნაცვლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაღმასვლაა. მომავალ წელს გარდაუვალი მატება გვექნება, ისეთი ფონდებია უკვე სოფლის მეორნეობაში..ასეევე, თანაინვესტირების ფონდი. ნახავთ, დასაქმება რა ნიშნულზე ავა და რა ინვესტიციები შემოვა. წინა მთავრობისგან ინვესტორები მართლაც რომ გარბოდნენ. სახელგატეხილი ქვეყანა იყო და ახლა ინვესტორის შემობრუნებას დრო სჭირდება" - თქვა ონოფრიშვილმა ბიზნეკურიერში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეუმცირა. ფონდის ვარაუდითვე, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 17.3%-მდე გაიზრდება. საქსტატის მონაცემებით კი, 2012 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებელი 15% იყო. 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

გარდა ამისა, IMF-ის ივნისის პროგნოზით, მოიმატებს დეფიციტის დონეც და ის თავისუფლების აქტით განსაზღვრულ ნიშნულს - 3%-ს გადააჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი არსებული 2.8%-იდან მშპ-ს 3.3%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, გაუარესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს კონკრეტული მიზეზები აქვს. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის წამყვანია გაურკვევლობა, რომელიც ინვესტორებს აქვთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც IMF ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ ძირეული რეფორმების დაანონსება ისე ხდება, რომ დაზუსტებული არ არის არც რეფორმის შინაარსი და არც მათი იმპლემენტაციის კონკრეტული ვადები. ასეთ რეფორმებად მიჩნეულია ჯანდაცვის, შრომის კოდექსის რეფორმები, ასევე, საპარტნიორო ფონდის და სხვა ფონდების დაფუძნების გადაწყვეტილებები.

IMF-ის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია ენერგოტარიფების დაწევამაც. ამ ფაქტმა შეამცირა ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების მოგება, რაც ამ სექტორში ინვესტიციების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. IMF-ის მიხედვით, ისიც ბუნდოვანია თუ რატომ შემცირდა ტარიფი. ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას ურჩევს გაასაჯაროოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან განახლებული ხელშეკრულების პირობები და ამით მოხსნას ზედმეტი კითხვები. ფონდის შეფასებით, ინვესტორებში გაურკვევლობის განცდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა, ხოლო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო განმტკიცდა. ამას ფონდი რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა, სახელმწიფო ხარჯების, განსაკუთრებით, სოციალური ხარჯების არამიზანმიმართულად ხარჯვა, მოსალოდნელზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და პოლიტიკური დაძაბულობა. IMF მიიჩნევს, რომ ქართულ ეკონომიკას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ იმისთვის რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა მოიხსნას და მთავრობამ ცხადი გახადოს როგორ აპირებს ქვეყნის მართვას, რა არის მისი პოლიტიკა.

კომენტარები