ზურაბ ჟვანიას საქმე

გიორგი ჟვანია: ჩემი ძმის საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება

სამხრეთის კარიბჭე

გიორგი ჟვანიას განცხადებით,  ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა მისი ძმის ზურაბ ჟვანიას საქმეში აშკარად იკვეთება. აქვე, ყოფილი პრემიერის ძმა აღნიშნავს, რომ ამ საკითხში სუბიექტურია. 

"მე ამ საკითხში ბუნებრივია სუბიექტური ვარ. მე არც იურისტი ვარ, არც გამომძიებელი, მაგრამ ვფიქრობ, აშკარად იკვეთება მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ საქმეში. სულ ცოტა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა ჟვანიამ და თქვა, რომ საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება.

"მე აქტიურად ვთანამშრომლობ პროკურატურასთან. მაქვს ინფორმაცია, რა სტადიაშია საქმე და რა მასალებს ფლობს პროკურატურა. აქედან გამომდინარე, ეს საქმე უახლოეს თვეებში აუცილებლად გაიხსნება", - უთხრა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედს.

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდება. მისი გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროც ჩაერთო. როგორც გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა 2005 წლის 1-ლ აპრილს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა დაემთხვა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

გიორგი ჯანაშიას განცხადებით, ბინაში, სადაც 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნით, არასწორად იყო დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გაუმართავი იყო სავენტილაციო სისტემა.

კომენტარები