ჯარისკაცების მოწამვლა

მაიორი ავთანდილ აბაშიძე: ერთჯერადი დიარეა ახალწვეულებს ხშირად ემართებათ

თავდაცვის სამინისტრო

ვაზიანის სამხედრო ბრიგადაში 39-მა სამხედრო მოსამსახურემ მსუბუქი დიარეის ნიშნებით გუშინ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მაიორ ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, ჯარისკაცებს ერთჯერადი მსუბუქი ფაღარათი ჰქონდათ, თუმცა დღეს დილით თავს ყველა მათგანი კარგად გრძნობდა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციას არ უკავშირდება. აბაშიძის განცხადებით, ახალწვეულებს არანაირი სამედიცინო ჩარევა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ დასჭირვებიათ.

"მათ სამედიცინო კონსულტაცია ნაწილშივე ჩაუტარდათ. დღეს დილით ყველა კარგად გრძნობდა თავს და უკვე გადანაწილდნენ ქვედანაყოფებში", - განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, ერთჯერადი დიარეა ახალწვეულებს ხშირად ემართებათ.

"სანამ შეეჩვევიან, ხშირად ხდება ხოლმე... სახლიდან წამოვიდნენ, მენიუ შეეცვალათ, ბევრი რამე მოქმედებს", - აღნიშნავს აბაშიძე. 

ცნობისთვის, დღეს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 13 ჯარისკაცი 11 ივნისს მოიწამლა, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურეს ოქტომბერში დაუდასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად, 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

კომენტარები