ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე: არამარტო ხუდონს, სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც აუცილებლად ავაშენებთ

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობოები ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ენერგეტიკის მინისტრი ხუდონჰესის ინვესტორს ლობირებს. კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ლობირებს და იცავს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთ-ერთი უმსხვილეს პროექტს.

"ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურს ვუყურებთ ერთნაირად, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ აშენებას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ბევრი საწარმოს აშენებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრისთვის. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ამიტომ, ჩვენ არა მარტო ხუდონს, არამედ სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც აუცილებლად ავაშენებთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, "ის არასამთავრობოები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყიყინებენ", ხელშეკრულების გაუმჯობესებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

"შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ოთხი თვის განმავლობაში, ელექტროენერგია დარჩება ქვეყანაში. მითითებულია კონკრეტული და ძალიან მაგარი ფასი, ასევე, საინტერესოა ის, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგური აძლევს დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალებას ენგურჰესს. თუ საჭიროება მოითხოვს და ქვეყანაში საჭირო იქნება, დარჩეს დამატებითი ელექტროენერგია, ეს აუცილებლად მოხდება", - აღნიშნა კალაძემ.

ხუდონის პროექტთან დაკავშირებით, 23 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ავტორების შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ პროცედურებს არღვევენ. განცხადების მიხედვით, კომპანია Trans Electrica Limited-ს ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებართვების მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ ორგანოებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე კი აცხადებენ, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება.

კომენტარები