ჯარისკაცების მოწამვლა

ალასანია ჯარისკაცების მოწამვლაზე: ეს მიზანმიმართული სიცრუე და პროვოკაციაა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 700 ჯარისკაცის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას და სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება დანაშაული და მიუღებელია. რაც შეეხება ჯარისკაცების მოწამვლის ადრე დაფიქსირებულ ფაქტებს, მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიცია ამას სწავლობს და უახლოეს მომავალში მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის.

"დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უფრო მეტი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა და აქვთ უკეთესი კვება და, რაც მთავარია, არის აპოლიტიკური. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჯარშიც და საზოგადოებაშიც, ამ თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არსებობს", - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უმაღლესი შეფასება, მათ შორის NATO-სა და ევროპისგან და საქართველოს სვლას ევროატლანტიკური მიმართულებით ვერაფერი შეაჩერებს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, რომ ემსახურება ადამიანებს - ვინც საქართველოს იცავს.

"ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ის დემოკრატიის ნაწილია", - აღნიშნა ალასანიამ, რომელმაც მთავრობის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა.

ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაზე, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საკვებით ჯამში 700 ჯარისკაცი მოიწამლა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აუცილებლად განიხილავდა. 

კომენტარები