Le Monde კეზერაშვილზე

Le Monde: კეზერაშვილი ენმ-ის დაფინანსებას უზრუნველყოფდა

AFP.com

ფრანგული გამოცემა Le Monde თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავებას ეხმიანება. 

პიოტრ სმოლარის სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პოლიციამ კეზერაშვილი 14 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქართველი სამართალდამცავებ
ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. კეზერაშვილი არ ფიგურირებდა ინტერპოლის წითელ ცირკულარში. ოპერაცია ორი ქვეყნის სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ეს თანამშრომლობა ისლამისტების თემასთან დაკავშირებით გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოპერაცია ინტერპოლისა და საქართველოს სამართალდამცავების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

სტატიის ავტორი წერს, რომ "ქვეყნის მეთაურის ბანაკი ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც უმრავლესობა უსამართლობისთვის წერტილის დასმას ზეიმობს. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, დავით კეზერაშვილი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის მიმართაც სამართლებრივი დევნა დაიწყო. ის პრეზიდენტის პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბირთვია. თუ ვანო მერაბიშვილი პარტიის ორგანიზატორი იყო, კეზერაშვილი პარტიის დაფინანსებას უზრუნველყოფდა, კულტივირებდა რა ურთიერთობებს ბიზნესთან", - წერია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბერს გავრცელდა ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ის, მისი და მისი მთავრობის საერთაშორისო კრიტიკას ნაციონალური მოძრაობის ფულით ნაყიდად მიიჩნევს

"ჩვენ ეკონომისტს ვუპასუხეთ რამდენჯერმე, მე აღარ შევხვდი [ჟურნალისტს], თუ იტყოდით გვარს, მე დაგისაბუთებდით ვინც იყო, ისეთი ტენდენციური სტატია გამოაქვეყნა, რომ მეორედ შეხვედრა აღარ ვისურვე მასთან და მას პასუხი მოვთხოვეთ... გასაგებია, რომ ესენი ფულს არიგებდნენ და არიგებენ დღესაც, მათ ფული აქვთ და საკმაოდ ბევრი ფული აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები