სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ბაქრაძე: ოლიმპიადაში სპორტსმენების მონაწილეობის საკითხის განხილვა შეიძლება

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადას მინიმუმ ქართულმა ოფიციალურმა დელეგაციამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი. როგორც ბაქრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, ქართველი მინისტრები სოჭში არ უნდა ჩავიდნენ. რაც შეეხებათ სპორტსმენებს, ბაქრაძის თქმით, ეს საკითხი ღია დისკუსიის თემა უნდა გახდეს. 

"ერთი მხრივ, ძალიან კარგად მესმის ჩვენი სპორტსმენების და ვისურვებდი, რომ ქართული ჰიმნი და ქართული დროშა იყოს რუსეთის ტერიტორიაზე. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც რუსებს ფეხზე დააყენებს და საქართველოს ჰიმნს მოასმენინებს, არის ეროვნული გმირი. ამიტომაც, მესმის სპორტსმენების მოტივაცია. მაგრამ თუ გავიხსენებთ  ნეჩაევის მეჩირაღდნედ დანიშვნას, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოებად გამოყვანის მცდელობას,  ჩვენი ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებას და სხვა მსგავს ქმედებებს, ეს ქმნის საფუძველს, რომ მინიმუმ ოფიციალურმა დელეგაციამ გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი ანუ არ ჩავიდნენ ჩვენი მინისტრები.  სირცხვილია, რომ ჩვენი მინისტრი იდგეს სტადიონის ტრიბუნაზე, როდესაც მის წინ ჩაივლის ე.წ გმირი მეჩირაღდნე, რომელიც ბომბავდა ქართულ სოფლებს. ქართველი მინისტრი იქ ამ დროს არ უნდა იყოს. რაც შეეხება სპორტსმენებს, ეს თემა უნდა იყოს საზოგადოებრივი განსჯის საკითხი. უნდა ვკითხოთ მათაც და მე არ მაპარება მათ პატრიოტიმზში ეჭვი. ვკითხოთ საზოგადოებასაც, იყოს ღია დისკუსია. სპორტსმნებთან დაკავშირებით შევჯერდეთ ისე, რომ მათი ინტერესებიც არ დავაზარალოთ და ისიც გავითვალისწინოთ, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ქვეყნის პრესტიჟი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სპორტული მედალი" - განაცხადა ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, სოჭის ოლიმპიადის ერთერთი მეჩირაღდნე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი იქნება. ის რუსეთმა აგვისტოს ომის  გმირად აღიარა. 

 

კომენტარები