27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ლომჯარია: საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა

ნინო ლომჯარია
რადიო "თავისუფლება"

სამართლიანმა არჩევნებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე ანგარიში წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდი ასახავს 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს. სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გააქტიურდა, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ და კანდიდატმა 253 საჯარო შეხვედრა გამართეს, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა თვის მონაცემებს.

მეხუთე შუალედურ ანგარიშში ასახულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პოლიტიკური ზეწოლის ხუთი ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის სამი ფაქტი.

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, აქედან ოთხს - ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ და ორ შემთხვევას - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ.  კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას ჩოხატაურში, ახალციხეში, თბილისსა და ლაგოდეხში სამუშაო დროს არაუფლებამოსილი პირები, მათ შორის, საოლქო კომისიის წევრები ესწრებოდნენ. არაუფლებამოსილი პირების დასწრება ასევე დაფიქსირდა დავით ბაქრაძის მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე რუსთავსა და ზუგდიდში.

"ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე მმართველი ძალის მხრიდან, რათა მათთვის სასურველი კომისიის წევრებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები. ასევე გამოიკვეთა ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ხელის შეშლის მცდელობები, როგორც ტენდენცია", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა ნინო ლომჯარიამ. 

სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებზე ზეწოლის შემთხვევები. ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების მათთვის სასურველი კანდიდატებით დაკომპლექტების მიზნით, ქართული ოცნების მცხეთის შტაბის ხელმძღვანელი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უხეშად ჩაერია. ანგარიშის მიხედვით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამბროლაურში, სადაც სასურველი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობაში ჩარევა გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა - არჩილ ჯაფარიძემ სცადა. საოლქო კომისიის საქმიანობაში ჩარევა, ამავე მიზნით, ასევე, სცადა კოალიცია ქართული ოცნების ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელმა - ირაკლი კუჭავამ. სამართლიანი არჩევნების ცნობით, საოლქო კომისიის საქმიანობას ხელი ასევე შეეშალა თბილისში, სადაც კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი წევრი ცდილობდა კოლეგების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას და საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პოზიციებზე მისთვის
სასურველი პირების არჩევას. საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტს, ასევე, ადგილი ჰქონდა მარტვილში.

ნინო ლომჯარიას თქმითვე, დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთაგან ერთი დადასტურდა, ხოლო მეორეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

"დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევა. მათ შორის, სოციალურად დაუცველ პირებზე და პედაგოგებზე, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში. ისევ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. კერძოდ, საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობა აგიტაციაში, როგორც მმართველი კოალიციის კანდიდატის, ასევე ნაცმოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ. ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი სკოლაში აგიტაციის, რომელიც ასევე არის უკანონო და ეწინააღმდეგება განათლების შესახებ კანონს", - აღნიშნავს ლომჯარია.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციითვე, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკადრო ცვლილებები გაგრძელდა - საანგარიშო პერიოდში გამგებელი შეიცვალა ხუთ მუნიციპალიტეტში, ერთ მუნიციპალიტეტში გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობა დატოვა ერთმა მერმა. 

 

კომენტარები