დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ექსპოჯორჯიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ერთმანეთს თავად ბურჯანაძე და გიორგი მარგველაშვილი შეებრძოლებიან. მისივე თქმით, იმის მოლოდინი, რომ ბურჯანაძე მესამე ადგილზე გავა, არავის აქვს,"გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ცდილობენ, რომ ასეთი მოლოდინები გაუჩინონ საზოგადოებას".
ბურჯანაძეს სოჭის ოლიმპიადის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. მისი თქმით, ქვეყანა უფრო სერიოზული საკითხის წინაშე დგას, "ვიდრე ეს აკვიატებული თემაა". მსგავსი აჟიოტაჟი კი მავთულხლართების საკითხთან დაკავშირებით არ ატეხილა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, იგი რუსეთისადმი ომის დაწყებას არ ითხოვს, თუმცა, საუბარია ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ ქმედებაზე. მისივე თქმით, ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნარი და გამბედაობა, რომ მცოცავი ოკუპაცია შეეჩერებინა.





