დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პრაქტიკულად აძალებს, მისი ხათრით აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი".
ბურჯანაძემ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი დებატებზე უარს ამბობს, ეს იმით აიხსნება, რომ მას დებატების ეშინია. მისივე თქმით, სურს, კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ბევრი რამ ჰკითხოს.
ბურჯანაძის თქმით, მას აინტერესებს - როგორ აპირებს მარგველაშვილი 27 ოქტომბერს კოჰაბიტაციის დასრულებას; როგორ ესმის ქართულ ოცნებას სამართლიანობის აღდგენა; როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ტერიტორიიდან მავთულხლართების აღებას; როგორ ხედავს ერთდროულად იმის პერსპექტივებს, რომ საქართველო იყოს NATO-ს, ევროკავშირის, ევრაზიული კავშირის წევრი და, ამავდროულად, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ჰქონდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა.
ბურჯანაძე მარგველაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობს. "უცნაურ ხასიათს იღებს პატარა ბავშვივით, ბაღის მოსწავლესავით კანდიდატის ხელჩაკიდებული ტარება. უწყებათაშორისმა კომისიამ ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს, ეს არის პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - თქვა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მუდმივად აგრძელებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და თავს ახვევს საზოგადოებას პროცენტებს, რომლებიც დაუსაბუთებელია.





