კეზერაშვილის საქმე

შსს კეზერაშვილის დაკავებას ადასტურებს

დავით კეზერაშვილი

საქართველოს შინაგან სამინისტროს პრესსამსახურმა ტაბულას დაუდასტურა ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ. შსს-ს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

დავით კეზერაშვილს 2013 წლის იანვარში ქრთამის აღებისა და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისთვის ბრალი წაუყენეს. შსს-ს ცნობით, კეზერაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.

ინფორმაციას კეზერაშვილის დაკავების შესახებ არც ადასტურებს და არც უარყოფს კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი. მან ტაბულას განუცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ფინანსური პოლიციის უფროსად მუშაობისას, დავით კეზერაშვილი გარკვეულ პირებს უწევდა მფარველობას, რის შედეგადაც აღნიშნულმა პირებმა საქართველოში ფალსიფიცირებული კონიაკის დასამზადებლად უკრაინიდან ეთილის სპირტი არაერთხელ შემოიტანეს. სახელმწიფო უწყებებთან პრობლემები რომ არ შექმნოდათ, მათ მფარველობას კეზერაშვილი უწევდა.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს, საერთო ჯამში, ქრთამის სახით 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს კეზერაშვილი შუამავლის - მისი დის მეუღლის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით იღებდა. ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი.

როგორც საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, თავად კეზერაშვილმა, საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი.

დავით კეზერაშვილს ბრალი წაყენებული აქვს ტელეკომპანია იმედის საქმეზეც, რომელშიც ბრალდებული ასევე არის თბილისის მერი გიგი უგულავა. ჯოზეფ ქეის ჩვენების მიხედვით, მას 2008 წელს სწორედ დავით კეზერაშვილმა აიძულა იმედის დათმობა.

კომენტარები