კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი

ენმ: ვენეციის კომისია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო კვორუმის 2/3-მდე დაწევას ითვალისწინებს. უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიამ უკანგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

"კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიამ 12 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა. ამ დოკუმენტით პროექტი, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა პარლამენტს, ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული. ვენეციის კომისია ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მიიჩნევს უკან გადადგმულ ნაბიჯად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მარტივდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი - უქმდება ის გარანტიები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ვენეციის კომისიისთვის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილების პროექტი არის მიჩნეული უკან გადადგმულ ნაბიჯად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას მოუწოდებდა, რომ გადაეხედა საკუთარი პოზიციისთვის. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური ცვლილება ჯერ არ არის მიღებული პარლამენტში და ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, უკან გაითხოვოს ის დოკუმენტი, რომელიც ცალსახად უარყოფითად შეაფასა ჩვენმა პარტნიორმა და საექსპერტო ორგანიზაციამ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წლის ივლისში მიმართა ვენეციის კომისიას თხოვნით, შეეფასებინა მათ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები. 

ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში უარყოფითად არის შეფასებული  საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4 ის ნაცვლად, 2/3 ხდება. ასევე, იცვლება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა. ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის დამტკიცების წესის ამგვარი ცვლილება დაასუსტებს პარლამენტის ზედამხედველობას საბიუჯეტო საკითხებზე. გარდა ამისა, კომისია იმ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 3/4-ის ნაცვლად, 2/3-ით განისაზღვრება, "უკან გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს. 

ცნობისთვის, არჩევნებამდე პარლამენტის სხდომა აღარ ჩატარდება, ხოლო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კონსტიტუციის ცვლილებისათვის დეპუტატთა 3/4 იქნება საჭირო. ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა 98 დეპუტატს აკონტროლებს. კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე, ნაციონალებისგან  პარლამენტის კიდევ რამდენიმე წევრის გადაბირების შემთხვევაში, მმართველი ძალა შეძლებს ერთპიროვნულად შეცვალოს კონსტიტუცია არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც.

კომენტარები