თეა წულუკიანის რეპლიკა ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე დაუშვებელი და გაუმართლებელია - ამის შესახებ კომენტარი ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ტაბულასთან გააკეთა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით თეა წულუკიანსა და თინა ბოკუჩავას შორის ხშირად იყო ურთიერთშეპასუხება, სადაც ხანდახან იუსტიციის მინისტრი არაკონსტრუქციულად იქცეოდა ხოლმე და ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე რეპლიკაც ამის მაგალითია.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით იუსტიციის მინისტრი, რომელიც ამავე დროს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეცაა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს, მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს და მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
გუშინ უწყებათშორისი კომისიის შეხვედრაზე კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ერთმანეთის დაუპირისპირდნენ. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოსავალი წერტილი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა. თეა წულუკიანი კი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი განცხადებები თანამშრომლობის შესახებ, ფასადურია. დაპირისპირების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათშორისი კომისია დატოვეს.




