ჯარისკაცების მოწამვლა

ალასანია: შვიდი სამხედროს მოწამვლის ფაქტზე დაწყებულია კვლევა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოწამლული ჯარისკაცების შესახებ, კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოწამლულია ათეულობით სამხედრო, ირაკლი ალასანია არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საუბარია შვიდ ჯარისკაცზე. მინისტრის თქმით, ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია და შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"შვიდი სამხედრო მოსამსახურე გარკვეული მსუბუქი ინტოქსიკაციის შედეგად, ასე ვთქვათ, შეუძლოთ გახდა. შესაბამისად, სამხედრო პოლიცია, ქართული კვების წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე. დაწყებულია კვლევა, ყველაფერი დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. თერთმეტ კაცს ჰქონდა ივნისში ასევე მსუბუქი ინტოქსიკაცია. ეს გამოკვლეულია, სამხედრო პოლიციამ დაასრულა მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლო გრიფით არის, შემიძლია გითხრათ, რომ მოხდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე ჩვენთან. ამის შემდეგ, მთლიანად შევცვალე ქართული კვების მენეჯმენტი. ასე რომ ზომები მიღებულია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სამხედროების მოწამვლის ფაქტის შესახებ კომენტარი იმ კომპანიაშიც გააკეთეს, რომელიც ჯარისკაცების კვების უზრუნველყოფითაა დაკავებული. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საკვებით განპირობებული არ არის.

კომენტარები