თბილისის მერიის სამსახურები

იონათამიშვილი: ქალაქის მერიის სამსახურებს შორის გაუგებრობაა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს დეპუტატი კოკი იონათამიშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერიის სამსახურებს შორის გაუგებრობაა. მისი თქმით, ასეთი შეფასების საფუძველს ვაკის რაიონის გამგებლის, ბაჩო დოლიძის განცხადება იძლევა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს მიერ ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების პროექტზე მუშაობის შესახებ არაა ცნობილი.

"საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის წევრების ქალაქის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრის დროს, კიდევ ერთხელ საჯაროდ გაცხადდა, რომ საკრებულო გეგმავს მიიღოს ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების ობიექტური და გამჭვირვალე წესი, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება ყველა გამგებლებისათვის. შეხვედრაზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შემდეგაც მოხდება ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერიის სამსახურებს შორის იყო დისკომუნიკაცია, რამაც ხელი შეუშალა პროცესის ობიექტურად წარმართვას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სწორედ ასეთი შეფასების საფუძველს იძლება ვაკის რაიონის გამგებლის, ბაჩო დოლიძის არაკომპეტენტური და დესტრუქციული განცხადება, თითქოსდა მისთვის არაა ცნობილი, რომ საკრებულო მუშაობს ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის წახალისების პროექტზე", - თქვა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი ასევე ამბობს, რომ  დოლიძის განცხადებაშივე ჩანს, რომ "არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების შესახებ".

"იმედს გამოვთქვამ, თბილისის მერია ხელს შეუწყობს ამხანაგობების თავმჯდომარეების წესის მიღების პროცესს და მსგავსი ტიპის გაუაზრებელი განცხადებები მომავალში აღარ განმეორდება", - აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები