არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

არასრულწლოვანი პატიმრის ოჯახმა ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარა

ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველაიას ოჯახის წევრებმა ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, მან დღეს ცხედარი გარეგნულად დაათვალიერა და ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, გვამზე ფიზიკური ზეწოლის კვალი არ აღმოჩნდა. მაია ნიკოლეიშვილმა ასევე შეამოწმა სტრანგულაციური ღარი (თავის ჩამოხრჩობის ადგილი კისრის არეში).

"დაველოდები ოფიციალურ პასუხს და ამის შემდეგ ვიტყვი, თუ რამდენად შეესაბამება მასალები ჩემს მიერ გაკეთებულ დასკვნებს", - აღნიშნა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

გარდაცვლილის მამა კი აცხადებს, რომ შვილს იქამდე არ დაკრძალავს, სანამ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მათთან არ ჩავა.

ცნობისთვის, ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია გუშინ გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი მოიკლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი ქურდობის ბრალდებით, მეორედ დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს და ის თანხის გადახდის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ძველაია საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო.

კომენტარები