ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

ირაკლი შიხიაშვილი: წახალისებას თავისი კორპუსის პატრიოტი უნდა იღებდეს

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ხვდება. შიხიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ თავმჯდომარეების წახალისება რაიონის გამგებლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. მისი განმარტებით, ამხანაგობების თავმჯდომარეების გარკვეული ნაწილი ამ წახალისებას იღებდა, ნაწილი კი - არა. შიხიაშვილის განცხადებითვე, თავმჯდომარეების წახალისების წესი შეჩერდა არა ვინმესადმი ჯიბრის, არამედ, ამ წესის არარსებობის გამო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წახალისების წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. შიხიაშვილმა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ამ წესის შედგენის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. 

"მე მინდა, რომ ახალი წესით, პოლიტიკური ნიშნით აღარ მოხდეს თქვენი წახალისება. ამ წესით, მე არავის მაისურს არ შევამოწმებ, ოცნების აცვია თუ ნაციონალური მოძრაობის. მე მინდა, რომ ისეთი ადამიანი იღებდეს წახალისებას, ვინც თავისი კორპუსის პატრიოტია და არა რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის. მე არასდროს არ შევამოწმებ, კონკრეტულმა ადამიანმა წახალისება რომ მიიღო, რომელი პარტიის წევრია. პირიქით, მე ვიქნები აქტიური დამცველი, თუ ადამიანი დიდი პასუხიმგებლობითა და ღირსებით ექცევა ამხანაგობის წევრებს, იმ ადამიანმა წახალისება უნდა მიიღოს", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადაეცათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათი. ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ექნებათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ სრული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია დაეხმარებათ - სწორად დაიგეგმოს თბილისის კორპუსის ბიუჯეტი და განისაზღვროს პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა ნიკო ხაჩირაშვილმა განაცხადა, აღრიცხვის ბარათში შეტანილ მონაცემებს ისინი განათავსებენ სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის შეიქმნება.

შეხვედრას ამხანაგობების დაახლოებით 50-მდე თავმჯდომარე, ასევე, საკრებულოს წევრები ესწრებიან.

კომენტარები