თბილისის მერია საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას პასუხობს. შიხიაშვილმა თბილისის მერს გიგი უგულავას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების პროვოცირებაში დასდო ბრალი. "როდესაც საკრებულო ცდილობს, შეჯერდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და ზოგადად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მოქმედების წესთან დაკავშირებით, უგულავა ისტერიულად ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას", - აღნიშნულია შიხიაშვილის განცხადებაში.
შიხიაშვილს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე პასუხობს და აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა პოლიტიკურ ინტრიგებს იწყებს. "პოლიტიკურ ინტრიგებში აყოლას თბილისის მერია არ აპირებს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და მისცენ თბილისის მოსახლეობას საშუალება, განახორციელონ და დააფინანსონ ინფრასტრუქტურული პროექტები და მოაწესრიგონ მათ საცხოვრებელ გარემოში არსებული პრობლემები. თუკი ისინი შეძლებენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა მერიას დღეს მიმართეს და 27 სექტემბერს თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვა ითხოვეს.





