27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ბურჯანაძე: რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოდან მას საფრთხე არ ემუქრება

Nino Burjanadze

რუსეთი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოს მისთვის მტერი არ არის და საქართველოს ტერიტორიიდან მას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ რუსთავი 2-ზე, გადაცემაში - არჩევანი განაცხადა. მისი თქმით, არაერთხელ ყოფილა გამწვავებული ვითარება, როცა რუსეთი თვლიდა, რომ საქართველო მისთვის საფრთხე იყო: "მაგალითად, როცა პანკისიდან რუსეთში გადადიოდნენ ტერორისტები, გადადიოდა იარაღი, რაც ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, აღკვეთა და ამას მოყვა გარკვეული დათბობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში," - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას და იმ თემების გამოკვეთას აპირებს, სადაც რუსეთი დაინტერესებული იქნება საქართველოსთან თანამშრომლობით. "ეს არის თუნდაც სტაბილურობა და მშვიდობა კავკასიაში. ეს არის საქართველოს მთავარი მიზანი, რაც მიიღწევა საქართველოს დეოკუპაციით," - აღნიშნავს ბურჯანაძე. მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკებების დროს დაინახა, რომ ამ მიზნის მიღწევის შანსი არსებობს.

ბურჯანაძის თქმით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისა და ევრაზიულ კავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხებს იმაზე მეტი ვნებათაღელვა მოყვა, ვიდრე ეს საკითხები იმსახურებდა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, დღეს არ არის ნათელი არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის, რა ტიპის ურთიერთობები აქვს ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან. "უნდა გაირკვეს ეს, უნდა დალაგდეს ყველაფერი," - ამბობს ბურჯანაძე.

კომენტარები